„მათემატიკა – სამყაროს ანბანი“

მუხრანის #1 საჯარო სკოლის VIII (ბ) კლასში (პედაგოგი: ციცო თალაკვაძე) წარმატებით დასრულდა საკლასო პროექტი – „მათემატიკა – სამყაროს ანბანი“.
პროექტის მთავარი იდეა მოსწავლეთათვის მათემატიკის ცოდნის აუცილებლობის გააზრება და მათემატიკური გამოთვლების ცხოვრებისეულ პრაქტიკაში გამოყენების შესახებ გამოკითხვის ჩატარება იყო.
პროექტი ორი კვირა გაგრძელდა და მოსწავლეთა მრავალმხრივი ჩართულობით გამოირჩეოდა. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოებას მათემატიკასთან ერთად ცხოვრების მშვენიერებაზე, მის წარმოშობასა და განვითარებაზე ესაუბრნენ.
მოსწავლეთა დამუშავებული თემები რამდენიმე განსხვავებულ საკითხს შეეხო:
– მათემატიკის წარმოშობის ისტორია,
– რომაული რიცხვები,
– მათემატიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში,
– გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსები,
– ცხოვრება მშვენიერია მათემატიკასთან ერთად,
– ვიცით თუ არა, რომ.
სკოლის დირექტორმა და მასწავლებლებმა პროექტში ჩართულ მოსწავლეებს (ლ. რუსიშვილი, თ. გამხიტაშვილი, ნ. პეპანაშვილი, ნ. პაპაშვილი, ა. ლომიაშვილს, მ. მოსიაშვილი, ლ. ჩარაევი, ნ. ხლუსიძე, მ. ბედოშვილი, ლ. მარღიშვილი, ნ. ნაკაშიძე, ს. ჩუგუაშვილი) გაწეული შრომისა და მათემატიკის საგნის პოპულარიზაციისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატება უსურვეს.


მომავალი ჩვენია

მუხრანის #1 საჯარო სკოლაში IV (გ) კლასის (ხელ: თ. მიქელაძე) გამოსაშვები ღონისძიება – „მომავალი ჩვენია“ გაიმართა.
მოსწავლეებმა დაწყებითი საფეხურის წარმატებით დასრულება მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს.
საუცხოოდ გაფორმებულ სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მუსიკალური (ნ.მიქელაძე და ა.თუღანოვი) და ქორეოგრაფიული ნომრების (ს.ლაზრიშვილი და ნ. გაროზაშვილი) შემსრულებელი მოსწავლეები. გამოსამშვიდობებელი სიტყვა მხატვრულად ა. ამირაშვილმა წაიკითხა.
მეოთხე კლასელებს უხარიათ, რომ უკვე გაიზარდნენ. თან ფიქრობენ, რომ გაუჭირდებათ მათი საყვარელი თამრიკო მასწავლებლის გარეშე, თუმცა იციან მომავალ სასწავლო წელს ასეთივე სიყვარულით დახვდებიან სხვა მასწავლებლები.
„ გმადლობ თამარ მასწავლებელო ამაგისთვის … თქვენ ღირსეული მომავლის ძლიერი საძირკვლის მშენებელი ბრძანდებით!“ – ამ სიტყვებით დაემშვიდობნენ მოსწავლეები თავიანთ საყვარელ თამარ მასწავლებელს.
მოსწავლეთა გამოსვლამ დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა, სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა მოსწავლეებს მეხუთე კლასში გადასვლა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

მუხრანის #1 საჯარო სკოლაში დიდი ზეიმით აღვნიშნეთ უმთავრესი ეროვნული დღესასწაული – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, რომელიც თავისუფლების ზეიმად იქცა, თავისუფლების, რომელიც სისხლით მოვიპოვეთ ქართველებმა და არასდროს დავთმობთ. საუცხოო სანახავი იყო საზეიმოს მორთული დარბაზი, სანთლების შუქით განათებული მოსწავლეთა ბედნიერი სახეები, ირგვლივ ვარდის სურნელი იფრქვეოდა. ზეიმი გახსნა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ეკატერინე ვარდიაშვილმა, რომელმაც მოსწავლეებს გააცნო დამოუკიდებლობის მნიშვნელობა, საქართველოს უხსოვარი წარსული, ქართველების ევროპელობა და ღვაწლი სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. მოსწავლეებმა საბა ზურაბიშვილმა და ლუკა გურგენიშვილმა წაიკითხეს ესეები, რომლებიც შეეხებოდა ბავშვური თვალით დანახულ სამშობლოს ოკუპაციასა და მომავლის მრწამსს. ზეიმის მონაწილეებმა გულწრფელად იამაყეს თავიანთი ქართველობით და წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია – „მე ქართველი ვარ!“ , რომელიც ნიკა ზარიაშვილმა გაალამაზა სიმღერით „ ქართველების ერთად ყოფნა დამილოცე ღმერთო!“
განსაკუთრებით დასამახსოვრებელი და ემოციური იყო ინსცენირება თეთრი ლექსისა „ადამიანი გაზეთის სვეტში“ (ო. ჭილაძე), რომელიც თავისუფლების ჰიმნია, თავისუფლებისა, რომელიც ყველაზე დიდი რამ არის, რაც კაცობრიობას შეუქმნია (მონაწილეობდნენ: კ. თინიკაშვილი, ა. კუზანოვი, ლ. გურგენიშვილი, მ. ზარიაშვილი, ს. დარბუაშვილი, გ. პავლიაშვილი, ლ. პაპაშვილი, დ. ქემხაშვილი). მოსწავლეებმა მ. ბუდინაშვილმა, მ. პეპანაშვილმა, ნ. კბილაშვილმა წაიკითხეს ლოცვები, რომლებითაც უფალს ქვეყნის ერთიანობა და ბედნიერი მომავალი შესთხოვეს. სცენას ამშვენებდნენ ანგელოზების როლის შემსრულებლები: მ. ტუღრიაშვილი, მ. ტაბარუკიშვილი და ს. ჟიჟიაშვილი. ნინო ოკინაშვილის სიმღერამ სამშობლოზე – „საქართველო“, კიდევ უფრო მეტი ხიბლი შესძინა ზეიმს. სასიამოვნო იყო მ. ხოზორაშვილის, ნ. დავითურის, ს. კაციაშვილის, მ. ხაჩიურის, ა. ხოსროშვილის, მ. ლაფანაშვილის, ს. ოქრუაშვილის, მ. ტუღრიაშვილის წაკითხული ლექსები თავისუფლებასა და სამშობლოზე. დარბაზში გაისმოდა ხალხური სიმღერები: „ დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს“, „ სამშობლო“ ( ს. მრევლიშვილი, მ. ტუღრიაშვილი, მ. ტაბარუკიშვილი, დ. ტუღრიაშვილი, მ. ხაჩიური, ს. პაპაშვილი). შესრულებული იქნა ქართული ცეკვა (ა. ხოსროშვილი, ა. მანქანაშვილი). ზეიმი დასრულდა გ. ტაბიძის უკვდავი სტრიქონებით „ დროშები ჩქარა“.
ზეიმს ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ეკ. ვარდიაშვილი, ტექნიკურად გააფორმა ნ. ფარტენაძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი – ს. კუბლაშვილი, მცხეთა-მთიანეთის რ. პროფკავშირის თავ-რე – გ. ჩოხელი, მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები. სკოლის დირექტორმა ს. კუბლაშვილმა აღფრთოვანება გამოხატა და მონაწილეები სიგელებით დააჯილდოვა. მადლიერება გამოხატეს მშობლებმა: გ. გოგოლაშვილმა, ნ. პაპაშვილმა, თ. კიკაბიძემ, ი. მარღიშვილმა, ბიბლიოთეკარმა ა. რუსაძემ. სტუმარმა გ. ჩოხელმა მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს, მასწავლებლებს და აღნიშნა, რომ სასიამოვნოდ და ტკბილ მოგონებად დარჩება მის გულში ეს დღე.

ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტში გამარჯვებული მუხრანის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სერტიფიკატებით და სასაჩუქრე ნაკრებებით დაჯილდოვდნენ
მუხრანის #1 საჯარო სკოლის 10 (ა) და 9 (ბ) კლასის მოსწავლეებმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის – „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ ფარგლებში, მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების – ახალდაბის და წეროვანის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ერთად ენერგეტიკის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-კონკურსში მიიღეს მონაწილეობა და საპატიო მეორე ადგილი დაიკავეს.
გეოგრაფიის პედაგოგის – ლია ღვედიშვილის ხელმძრვანელობით განხორციელებულ აღნიშნულ პროექტში განსაკუთრებული ინტერესით იყვნენ ჩართულნი: ა. პაპუკაშვილი, ზ. ტატიშვილი, ქ. მერაბიშვილი, ნ. ნასყიდაშვილი, ლ. თაბორიძე, ლ.ტუხაშვილი, ზ. ბუდინაშვილი და ნ. ბერიძე.
პროექტის, მიზანს წარმოადგენდა ელექტროენერგიის წარმოებიდან მოხმარებამდე სრული ციკლის შესახებ სკოლის მოსწავლეების ინფორმირება, განახლებადი ენერგიების, საქართველოს მწვანე ენერგეტიკული პოტენციალის შესახებ მათი ცნობიერების დონის ამაღლება. პროექტის ფარგლებში, მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები და მოეწყო მოსწავლეების მიერ შექმნილი თემატური ნამუშევრების გამოფენა. ამასთანავე, გამარჯვებული მოსწავლეებისთვის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით ერთკვირიანი საზაფხულო სკოლა მოეწყობა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ცნობით, სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ პროექტის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები და სასაჩუქრე ნაკრები გადასცა, ხოლო გამარჯვებულებს – პორტატული და პლანშეტური კომპიუტერები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და საჯარო სკოლების ხელმძღვანელი პირები, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები.

საქართველოს თავისუფლების თამაშები

26 მაისს დასრულდა “საქართველოს თავისუფლების თამაშები”. ეს თამაშები საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით შეიქმნა და მისი ეგიდით იმართება.
9 აპრილიდან 26 მაისის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისადმი მიძღვნილი “თავისუფლების თამაშები” მიმდინარეობდა. მუხრანის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდებმა აღნიშნულ თამაშებში სხვადასხვა საპრიზო ადგილები დაიკავეს და ასახელეს საკუთარი სკოლა და პედაგოგები: გ. მიქელაძე, თ. ჯავახიშვილი და ე. ხარაზიშვილი.
მცხეთის მუნიციპალიტეტის თავისუფლების თამაშებში – ფრენბურთში გოგონებმა I , ვაჟებმა II, ფეხბურთში კი ვაჟებმა III ადგილი დაიკავეს.
“საქართველოს თავისუფლების თამაშების” მიზანია, მოსწავლეებისა და ზოგადად მოზარდი თაობის მიერ, ჩვენი ერისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იდეისა და მისწრაფების – საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის არსის სისხლ-ხორცეული შეთვისება.
“სამშობლოს სიყვარულის სწავლება რა თქმა უნდა პატარაობიდან იწყება და მასში ყველამ და ყველაფერმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. ყველა მოზარდმა უნდა იცოდეს, რომ მისი თითოეული გამარჯვება პირველ რიგში ეკუთვნის საქართველოს და მერე მას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება “საქართველოს თავისუფლების თამაშები”, რომლის ორგანიზებაში საქართველოს ყველა რეგიონი იყო ჩართული.
საქართველოს თვისუფლების თამაშები საქართველოს სასკოლო ლიგის პროგრამის შემადგენელი ნაწილია და მომავალში ყოველ წელს გაიმართება.

გილოცავთ თქვენი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას – სკოლის დამთავრებას!!!

ცხოვრების ახალი, სრულიად განსხვავებული ეტაპი იწყება, რომელმაც უნდა მოგცეთ საშუალება მაქსიმალურად გამოავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები – იქნება ეს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებისას თუ საოცნებო პროფესიის დაუფლების განმავლობაში.
გვჯერა, რომ თითოეული თქვენგანი იპოვის საკუთარ ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში. წინ შემეცნების სიხარულით აღსავსე და საინტერესო ცხოვრება გელით … თქვენი თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენ სამშობლოს ისევე გამოადგება, როგორც თქვენ პირად წინსვლას.
წარმატებებს გისურვებთ!!!
გჯეროდეთ, რომ რასაც გულით შეეცდებით, ყველაფერი გამოგივათ!

ჩვენ პოეტები საქართველოსი

22 მაისს გასაოცარი მხიარულება და კეთილგანწყობა სუფევდა მუხრანის #1 საჯარო სკოლაში, სადაც ჩატარდა პოეზიის საღამო სახელწოდებით – „ ჩვენ პოეტები საქართველოსი“. (ორგანიზატორები: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: ეკატერინე ვარდიაშვილი და დაწყებითი კლასების მასწავლებელი: მარიამ შარიფაშვილი, საღამო მუსიკალურად გააფორმა პედაგოგმა: მაია ბედიანაშვილმა). საზეიმოდ მორთულ, ყვავილნარად ქცეულ დარბაზში საუცხოოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა გაახმიანეს გ. ტაბიძის; ი. გრიშაშვილის, ი. ნონეშვილის, გ. ლეონიძის … უკვდავი სტრიქონები. თითქმის ყველა საკითხს შეეხო მათი გულთა სიმები: დედაენის სიყვარული, დედისადმი პატივისცემა, სამშობლოს ბუნება და პატრიოტიზმი, ჩვენი ქვეყნის წარსული და მომავალი, სიყვარული, მეგობრობა, თანადგომა იგრძნობოდა ბავშვების სურვილებში. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო დაწყებითი კლასების მოსწავლეთა გულწრფელი ემოციები, უფროსკლასელთა გააზრებული და მრავალფეროვანი გრძნობები. პოეზიის საღამოს მონაწილე სამოცმა მოსწავლემ გრძნობებით სავსე, დასამახსოვრებელი და საინტერესო ნომრები წარმოადგინა და სკოლის ისტორიას არაჩვეულებრივი ფურცელი შემატა. უფროსკლასელებიდან მონაწილეობდნენ: ა. კუზანოვი; თ. გამხიტაშვილი; ა. ლომიაშვილი; ლ. მარღიშვილი; ნ. ნაკაშიძე; მ. ხოზორაშვილი; ლ. გურგენიშვილი; გ. ტატიშვილი; ნ. ზარიაშვილი; ს. ბიგანაშვილინ. მამაგიშვილი; ნ. ოკინაშვილი. საღამოს განსაკუთრებული ხიბლი შესძინეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრების შემსრულებლებმა: ნ. ოკინაშვილმა; ნ. ზარიაშვილმა; ა. ჭაღარაშვილმა; ნ. მამაგეიშვილმა; ს. პაპაშვილმა; მ. და გ. ტუღრიაშვილებმა; მ. ტაბარუკიშვილმა … საღამომ მოწვეული სტუმრების და სასკოლო საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია. სკოლის დირექტორმა ქ-მა სოფიო კუბლაშვილმა ორგანიზატორებს და დაწყებითი კლასის მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა, ხოლო მონაწილე მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვა.

გერმანელი და ავსტრიელი პოეტების შემოქმედებისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო

გერმანელი და ავსტრიელი პოეტების შემოქმედებისადმი მიძღვნილი, არაჩვეულებრივი პოეზიის საღამო, სსიპ მცხეთის მუნიპალიტეტის სოფელ წილკნის საჯარო სკოლაში გაიმართა. ღონისძიება მცხეთის მუნიციპალიტეტის ცხრა საჯარო სკოლის 70 მოსწავლეს აერთიანებდა, რომელთა შორის იყო მუხრანის N1 საჯარო სკოლის 10 მოსწავლე (მასწავლებელი თამილა სალბიშვილი). დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა ინგებორგ ბახმანის, გეორგ ტრაკლის, როუზ აუსლენდერისა და სხვა ავტორების ლექსები. პოეზიის საღამოს პარალელურად, წილკნის საჯარო სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა ავსტრიის საელჩოს მიერ ორგანიზებული გამოფენა – ,,წერა ომის წინააღმდეგ. ინგებორგ ბახმანი 1926-1973″. ღონისძიების მონაწილე მოსწავლეებს ავსტრიის ელჩისა და გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენლისგან გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები და სერთიფიკატები. მსგავსი აქტივობები ჩვენს მოსწავლეებს გერმანული ენის შესწავლის ინტერესს მატებს და მოტივაციას უმაღლებს.

გილოცავთ წარმატებას!!!

11-12 მაისს მუხრანის #1 საჯარო სკოლის კლუბმა „ უკანასკნელი სამურაი“ (მწვრთნელი: ნიკა ბერუაშვილი), სხვადასხვა წარმატებულ ქართულ კლუბებთან ერთად Georgian Jiu-Jitsu Tour (საქართველოს ჯიუჯიცუს ტური) და კიმანოში ბრაზილიური ჯიუჯიცუ მიიღო მონაწილეობა.
აღსანიშნავია, რომ თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი გამოიღო და ჩვენი სპორტსმენები ორივე შეჯიბრზე საპრიზო ადგილების მფლობელები გახდნენ.
11 მაისს გამართულ ტურნირზე Georgian Jiu-Jitsu Tour –
I ადგილი – ზურაბ ბუდინაშვილმა, ხოლო
II ადგილი სხვადასხვა წონით კატეგორიაში – იოსებ კვიჟინაძემ, საბა კენკიშვილმა და გიორგი პაპიაშვილმა დაიკავეს.
12 მაისს კლუბი 4 კაციანი შემადგენლობით გავიდა შეჯიბრზე და აბსოლიტური დომინაციით მოიპოვა გამარჯვება.
I ადგილი – ზურაბ ბუდინაშვილი; იოსებ კვიჟინაძე; ნიკა ბერუაშვილი.
II ადგილი – გიორგი პაპიაშვილი.
ვამაყობთ თქვენით

„ჩვენ შევძლებთ დედამიწის გადარჩენას“

მუხრანის #1 საჯარო სკოლის IIIგ კლასში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება – „ ჩვენ შევძლებთ დედამიწის გადარჩენას“ ჩატარდა. ღონისძიებას პედაგოგი მარიამ შარიფაშვილი ხელმძღვანელობდა.
აღნიშნული ღონისძიებით, პატარა „გარემოს ელჩებმა“ სასკოლო საზოგადოებას შეახსენეს, რომ უნდა ვიზრუნოთ დედამიწაზე, დავიცვათ და გვიყვარდეს ჩვენი პლანეტა.
მოსწავლეებმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომელიც დღეს დედამიწას აწუხებს და ჩვენი სოფლის მოსახლეობას გარემოს დაცვისკენ მოუწოდეს.
შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღეისათვის კი 193 ქვეყანაში აღინიშნება.

მრავალფეროვანი ვიქტორინა – „ცხრაკლიტული“

24 აპრილს მუხრანის #1 საჯარო სკოლის პედაგოგების: ლალი ბანცურის; მარიკა ქემხაშვილის და სოფიო ბაქრაძის ხელმძღვანელობით მრავალფეროვანი ვიქტორინა – „ცხრაკლიტული“ ჩატარდა.
ვიქტორინაში X ა, ბ და გ კლასის მოსწავლეებმა გუნდურად მიიღეს მონაწილეობა. მათ გაიხსენეს განვლილი მასალა ბიოლოგიიდან, ქიმიიდან, ფიზიკიდან, გეოგრაფიიდან და საკუთარი შესაძლებლობები დამსწრე საზოგადოების წინაშე საუკეთესოდ გამოავლინეს.
განსაკუთრებულ წარმატებას Xა კლასის (დამრიგებელი: ვერიკო მახარაშვილი) მოსწავლეთა გუნდმა მიაღწია.
აღნიშნულმა ვიქტორინამ ხელი შეუწყო საგაკვეთილო პროცესში, თუ წრეობრივი მუშაობის დროს მიღებული ცოდნის შეჯამებას, განმტკიცებას და ინტეგრირებას.

„უკანასკნელი სამურაის“ წარმატება გვახარებს და სიამაყით გვავსებს

მუხრანის საჯარო სკოლის ბაზაზე არსებული კლუბი „უკანასკნელი სამურაი“ , საქართველოს ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს ეროვნულ ფედერაციას შეუერთდა. კლუბის დამფუძნებელი და მთავარი მწვრთნელი ნიკა ბერუაშვილია.
20 აპრილს გუნდს სტუმრად საქართველოს ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს ეროვნული ფედერაციის დამფუძნებლები გიორგი ობოლაძე და ნიკა მურადაშვილი ეწვივნენ და ფედერაციის წევრობის სერტიფიკატი გადასცეს.
ნიკა ბერუაშვილის გუნდის წარმატების ფორმულა საიდუმლო არ არის, ეს წარმატება ცოდნამ, გამოცდილებამ და თავდაუზოგავმა შრომამ განაპირობა.

„დიდ ფარნავაზის ძველი ნათლული – შენ ხარ ანბანი, ჩვენი, ქართული“

19 აპრილს Iა კლასის მოსწავლეებმა (ხელმძღვანელი: ნათია სირბილაძე), ქართული ანბანის ზეიმი – „დედაენის მეჯლისი“ მოაწყეს და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული საკლასო ღონისძიებით ქართული ანბანი გააცილეს.
წინაპართ სისხლში ნაბანო, შენ მშობლიურო ანბანო
პატარა ივერიელთა, სიბრძნის ემბაზში გამბანო!
ცნობილი ქართველი მამულიშვილების შთამბეჭდავი ფრაზებით გაფორმებული ჩვენი პატარების მეჯლისი, სკოლის ისტორიის ლამაზ ფურცლად გადაიქცა.

მუხრანის კულტურული მემკვიდრეობის კვლევა

15 აპრილს, „შატო მუხრანის“ საკონფერენციო დარბაზში, მუხრანის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სოფლის ცოცხალი კულტურის კვლევის შედეგების პრეზენტაცია წარმოადგინეს.
სმითსონის ინსტიტუტის მიერ ინიცირებული პროექტის (რომლის უმთავრესი მიზანია კულტურული ტურიზმის განვითარება მუხრანში) ფარგლებში გაწერილი საპრეზენტაციო შეხვედრის საპატიო სტუმრები იყვნენ მუხრანის ეკონომიკური განვითარების ფონდის და SMITSONIANI -ის წარმომადგენლები, მათ შორის იყო SMITSONIANI -ის ფოლკლორული მიმართულების დირექტორი.
ოთხ სამუშაო ჯგუფად გაყოფილი მოსწავლეებმა, 26-28 თებერვალს გამართული სამუშაო შეხვედრების შემდეგ, აქტიურად გამოიკვლიეს რა სოფელ მუხრანში გავრცელებული სხვადასხვა კულტურულ მემკვიდრეობა, მოწვეული სტუმრების საპატივსაცემოდ კვლევის შედეგების პრეზენტაციები წარმოადგინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
განსხვავებული შინაარსის კვლევები:
1.„ნაკლებად ცნობილი ტაძრები მუხრანში“ -პრეზენტატორმა: ქეთევან მერაბიშვილმა;
2.„ნივთებში ამეტყველებული წარსული“ – პრეზენტატორმა: ზვიად ტატიშვილმა;
3.„ჭიდაობის ტრადიცია მუხრანში“ -პრეზენტატორებმა: ზურაბ ბუდინაშვილმა და ნიკოლოზ ბერიძემ;
4.„ხის ნაკეთობები მუხრანში“ – პრეზენტატორმა: ნუციკო ნასყიდაშვილმა წარმოადგინა.
უახლოეს მომავალში დაგეგმილია ტრენინგები, რომლებშიც გაწერილია კულტურული და გამოცდილებითი ტურიზმის არსისა და სამომავლო ტურისტული მიმართულებით სოფლის შესაძლებლობების შესწავლა.
როგორც მოგეხსენებათ, 2023 წლის დეკემბერში სმითსონის ინსტიტუტმა, საქართველოში ადგილობრივ თემზე დაფუძნებული კულტურული მემკვიდრეობის ტურიზმის განვითარების მიზნით, თანამშრომლობა დაიწყო მუხრანის რეგიონული ეკონომიკური განვითარების ფონდთან (მუხრანის ფონდი).
თანამშრომლობა აერთიანებს კვლევას, დოკუმენტაციას და ახალგაზრდების ჩართულობას, რომ შეიქმნას ათი ახალი ტურისტული გამოცდილება, რომელიც ეფუძნება ადგილობრივ თემში არსებულ ცოცხალ კულტურას. პროექტი მიზნად ისახავს შექმნას დუბლირებადი მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ფინანსურ სარგებელს ადგილობრივი თემებისთვის, მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის მქონე მიმართულებებში

„ ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა! “

მუხრანის #1 საჯარო სკოლაში 14 აპრილთან დაკავშირებული თემატური აქტივობები გრძელდება, რომელთა მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით, ინტერესითა და პასუხისმგებლობით არის ჩართული.
საინტერესო და მრავლისმომცველი იყო III ა კლასის ( ხელმძღვანელი: მ პეპანაშვილი) მოსწავლეების მიერ ქართული ენის დღის აღნიშვნა. მათ მონაწილეობა მიიღეს კალიგრაფიის კონკურსში – „საუკეთესო კალიგრაფი“; დაამზადეს ხელნაკეთი წიგნები (ი. გოგებაშვილის ნაწარმოებების მიხედვით) და იდეათეკაში საკლასო ღონისძიება სახელწოდებით – „ ო, ენავ ჩემო“ ჩაატარეს.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ი. ჭავჭავაძის; ი. აბაშიძის; ი. გოგებაშვილის; ნ. დუმბაძის დედაენისადმი მიძღვნილი ნაწარმოებები წაიკითხეს და მრავალფეროვანი ინფორმაცია როგორც ერთმანეთს, ასევე დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა, რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო – სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

პროექტის – „ გარემოს ელჩები“ საინტერესო, გასვლითი ღონისძიება

„სოფლის განვითარებისა და სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი – ლილიფარის“ ორგანიზებითა და Swiss Capital – ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის – „გარემოს ელჩები“ ფარგლებში, 4 აპრილს მუხრანის N1 საჯარო სკოლის VIII-XI კლასის მოსწავლეები, პოლიეთილენის ბოთლების გადამამუშავებელ კომპანია „პოლივიმს“ ეწვივნენ.
მოსწავლეებმა გადამამუშავებელ კომპანიას დასუფთავების აქციის დროს შეგროვილი პოლიეთილენის ბოთლები ჩააბარეს და „პოლივიმში“ მიმდინარე, მეორადი ნედლეულის, გადამუშავების პროცესებს გაეცნენ.
სტუმრებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა პოლიეთილენისგან მიღებული გრანულები, რომლებისგანაც სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები მზადდება.
გიზიარებთ გასვლითი ღონისძიების ფოტო კადრებს.

ხელოვნური ინტელექტის – chat.openai.com გამოყენება სასწალო პროცესში

4 აპრილს New Project – Trainer of MTSS ფარგლებში, ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლის იდეათეკაში მორიგი სამუშაო შეხვედრა შედგა.
აღნიშნული სამუშაო შეხვედრის თემა – ხელოვნური ინტელექტის – chat.openai.com გამოყენება სასწალო პროცესში და canva.com – ის საშუალებით სასწავლო რესურსების შექმნა იყო.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა ლიტერატურის, მათემატიკის და სპეციალურმა მასწავლებლებმა (მიმდინარე სასწავლო წელს პროგრამაში ჩართულია 23 პედაგოგი).
სამუშაო შეხვედრას მრავალშრიანი მხარდამჭერი სისტემის მოწვეული ტრენერი, განათლების ფსიქოლოგი ქ-ნი ბაია კუბლაშვილი უძღვებოდა.

გილოცავთ, წარმატებებს გისურვებთ!

მარტის ბოლოს გამართულ შეჯიბრში, gymnasia kids kup 2, სხვადასხვა ქვეყნის უძლიერეს გუნდებთან ერთად საუკეთესო შემადგენლობით, მუხრანის #1 საჯარო სკოლის გუნდი – „ უკანასკნელი სამურაი“ (მწვრთნელი :ნ. ბერუაშვილი) იღებდა მონაწილეობას. შეჯიბრში 170 – მდე სპორტსმენი იყო ჩართული და საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლა საკმაოდ რთული აღმოჩნდა.
განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მუხრანის #1 საჯარო სკოლის გუნდის ყველა მოასპარეზე, სპორტის სახეობაში – ბრაზილიური ჯიუჯიცუ no gi, სხვადასხვა საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა.
I ადგილი – ზურაბ ბუდინაშვილი და გიორგი პავლიაშვილი;
II ადგილი – იოსებ კვიჟინაძე, ლუკა რუსიშვილი და მარიამ ბუდინაშვილი;
III ადგილი – ნიკოლოზ ბერიძე.
აღსანიშნავია, რომ გუნდი სულ რაღაც ერთი წელია არსებობს და არაერთ წარმატებას ითვლის.

დემოკრატია, იწყება შენით!

სსიპ ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა სკოლის დირექციას მიმართეს თხოვნით, რათა მათთვის გამოეყოთ სივრცე, სადაც ისინი დემოკრატიის კუთხის მოწყობას შეძლებდნენ.
დირექციამ მხარი დაუჭირა აღნიშნულ თხოვნას და ინიციატორებს შენობის მეორე სართულზე გამოუყო სივცე, სადაც თვითმმართველობის წევრებმა დემოკრატიის კუთხე მოაწყეს. დემოკრატიის კუთხეში, მრგვალ მაგიდასთან მოსწავლეები მართავენ დებატებს, დისკუსიებს, აწყობენ შეხვედრებს პედაგოგებთან და მოწვეულ სტუმრებთან.
“დემოკრატია, იწყება შენით!”- დევიზით ჩვენი სკოლის თვითმმართველობის წევრები თავდაუზოგავად შრომობენ მოსწავლეთა საჭიროებების გამოვლენისა და შესაბამისი სასკოლო გარემოს მოწყობისთვის; მნიშვნელოვანი ღონისძიებების ინიცირებისა და მათი განხორციელებისთვის.
ჩვენი სკოლა დემოკრატიულია.

ვიზიტი ნატახტრის დედათა მონასტერში

2024 წლის 9 მარტს ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლაში მიმდინარე მოსწავლეთა თვითმმართველობის და სამოქალაქო განათლების კლუბ „ბურის“ მიერ ინიცირებული კვირეულის – „ მე მოხალისე ვარ, გახდი შენც“ ფარგლებში, მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები და აქტიური მოხალისეები სტუმრად ეწვივნენ ნატახტრის დედათა მონასტერს.USAD სამოქალაქო განათლების ფარგლებში დაგეგმილმა ვიზიტმა, დედათა მონასტერში მოღვაწე დედების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. აქტიური მოხალისეები დახმარების მიზნით ეწვივნენ ტაძარს და დედაოებს ნაკვეთში მოთიბული ბალახის, წალამის, ქვების შეგროვებასა და სათანადო ადგილზე გადატანაში დაეხმარნენ.აღსანიშნავია, რომ მოხალისეებთან ერთად დედაოებთან სტუმრად პედაგოგები ნინო დოლიშვილი და ელდარ ხარაზიშვილიც იმყოფებოდნენ. მადლიერმა მასპინძლებმა სტუმრები ტრაპეზზე მიიწვიეს და საჩუქრად ხატები და სამაჯურები გადასცეს.მადლობა მოხალისეობის კვირეულში აქტიურად ჩართულ ყველა მოსწავლეს ინიციატივისა და გაწეული შრომისთვის.

„მე მოხალისე ვარ, გახდი შენც“

2024 წლის 4 მარტიდან ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლაში, სტარტი აიღო და აქტიურად მიმდინარეობს მოსწავლეთა თვითმმართველობის და სამოქალაქო განათლების კლუბ „ბურის“ მიერ ინიცირებული კვირეული სახელწოდებით: „ მე მოხალისე ვარ, გახდი შენც.“
USAD სამოქალაქო განათლების ფარგლებში დაგეგმილი კვირეული სხვადასხვა აქტივობებით გამოირჩევა: ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და კონფლიქტის მოგვარების საკითხებს შეეხო, აქტიური მოხალისის, ზვიად ტატიშვილის პრეზენტაცია მეშვიდე კლასში. ასევე ხალისიანად წარიმართა შეხვედრის დასასრულს გამართული დისკუსია.
აღსანიშნავია, კვირეულის ფარგლებში 7 მარტს მეათე კლასის მოსწავლის ზვიად ტატიშვილის გამართული ერთ-ერთი მეგობრული შეხვედრა დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან, რომლებსაც ის მისალოცი ბარათების მომზადებაში დაეხმარა.
მოხალისეობის კვირეულში აქტიურად ერთვებიან საშუალო საფეხურის სხვა მოსწავლეებიც, მადლობა მათ ინიციატივისა და გაწეული შრომისთვის.

დედის თვალებით ვხედავ სამყაროს

გაზაფხულის დღესასწაულებს მიუძღვნეს I (გ) და III (დ) კლასების მოსწავლეებმა ღონისძიება – “დედის თვალებით ვხედავ სამყაროს” (კლ. ხელ-ლი: მარიამ შარიფაშვილი).
სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრების შემსრულებლები, რომელთა თვალებში სიხარული და ბედნიერება კიაფობდა.
ღონისძიებამ, რომელსაც ლაიტმოტივად შანდორ პეტეფის ლექსი – ” აუხდენელი სურვილი” გასდევდა, სასკოლო საზოგადოების და მოწვეული სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა.

დედა ყველა ფერია

დედა ყველა ფერია
– რა ფერია დედის გული?
– ფანტელივით ფითქინა.
– როგორია დედის მზერა?
– ვარსკვლავივით ციმციმა.
– რა ფერია დედა თავად?
– მზის სხივების ფერია,
ის ყველაზე ფერადია,
დედა ყველა ფერია!
/ ს. გასიტაშვილი/
გაზაფხულის დღესასწაულებს მიუძღვნეს ხელოვნების გაკვეთილი ჩვენმა პირველკასელებმა ( პედაგოგი: ნათია კაციაშვილი), რომლებმაც თავიაანთი მომზადებული საჩუქრებით რამდენჯერმე გაუხარეს მშობლებს გული.
მრავალჟამიერ ჩვენო პატარებო ❤️🧡💚💙

მუხრანის#1 სკოლაში NATO & EU Info Center -ის წარმომადგენლებს უმასპინძლეს

თებერვლის ბოლოს ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ • NATO & EU Info Center -ის წარმომადგენლებს უმასპინძლეს. „საინფორმაციო ცენტრი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ“ მთავარი მიზანია საქართველოს ევროპული და ევრო-ანტლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში ჩვენი მოსახლეობის ჩართვა და მათი გაცნობიერებული მხარდაჭერის მოპოვება.
მოსწავლეებთან შეხვედრისას ცენტრის წარმომადგენლებმა ისაუბრეს დასავლური ღირებულებების შესახებ ჩვენი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე, სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურებასა და ამ პროცესებში მისი ჩართულობის ხელშეწყობაზე, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.

მუხრანის N1 საჯარო სკოლა კულტურული მემკვიდრეობის ტურიზმის განვითარების მიზნით მიმდინარე პროექტს აქტიურად შეუერთდა


2023 წლის დეკემბერში სმითსონის ინსტიტუტმა, საქართველოში ადგილობრივ თემზე დაფუძნებული კულტურული მემკვიდრეობის ტურიზმის განვითარების მიზნით, თანამშრომლობა დაიწყო მუხრანის რეგიონული ეკონომიკური განვითარების ფონდთან (მუხრანის ფონდი).
თანამშრომლობა დაიწყო ‘’მუხრანის სოფლის გამოცდილებით’’, რაც აერთიანებს კვლევას, დოკუმენტაციას და ახალგაზრდების ჩართულობას, რომ შეიქმნას ათი ახალი ტურისტული გამოცდილება, რომელიც ეფუძნება ადგილობრივ თემში არსებულ ცოცხალ კულტურას. მუხრანის რეგიონი მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, მათ შორის ძალისას არქეოლოგიურ ძეგლს (ძვ. წ. II ს-დან ახ. წ. VIII საუკუნემდე) და მუხრანის ისტორიულ ცენტრში მდებარე მე-19 საუკუნის ციხე-სიმაგრეს. ამ ადგილების მიმდებარედ სათემო ტურისტული გამოცდილებების განვითარებით, პროექტი მიზნად ისახავს შექმნას დუბლირებადი მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ფინანსურ სარგებელს ადგილობრივი თემებისთვის, მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის მქონე მიმართულებებში. ასევე, პროექტი შექმნის ცოდნის გაზიარების შესაძლებლობას სომეხ და ქართველ მკვლევარებსა და პარტნიორებს შორის. ძალიან სასიხარულოა ამ ორ-წლიანი პროექტის დაწყება და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მხარდაჭერაში დახმარება.
პროექტის ფარგლებში ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლაში 26-28 თებერვალს სამუშაო შეხვედრები გამართეს: ქეთევან გურჩიანმა (ილიაუნის პროფესორი); თინათინ ხომერიკმა (თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი); ალექსანდრე ქავთარაძემ (ილიაუნის მოწვეული ლექტორი); გიორგი გოგუამ და იანა ყორბეზაშვილმა (ჟურნალისტური ორგანიზაცია “პროექტი 64”).
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში გაწერილი აქტივობების (ფოტო; აუდიო და ვიდეო მასალების) ასახვის მიზნით, მუხრანის განვითარების ფონდმა სკოლას საჩუქრად გადასცა 5 თანამედროვე სამოქმედო კამერა DJI Osmo Pocket 2 Creator Combo Black. სკოლის დირექცია და სასკოლო საზოგადოება დიდ მადლობას უხდის ფონდის სტაფს, სხვადასხვა დროს განხორციელებული აქტივობების და სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს გაწეული იმ ფინანსური მხარდაჭერისთვის, რაც ჩვენი სკოლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
მიმდინარე პროექტში პედაგოგებთან ერთად სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის 25 მოსწავლე ჩაერთო. უახლოეს მომავალში ისინი სოფლის მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს გამართავენ.


New Project – Trainer of MTSS – ის სამუშაო შეხვედრები

ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლის იდეათეკას მრავალფუნქციური დატვირთვა აქვს. ამჯერად 14 და 21 თებერვალს New Project – Trainer of MTSS ფარგლებში, მორიგ სამუშაო შეხვედრებს უმასპინძლა. 14 თებერვლის შეხვედრაზე განხილულმა, USAID – ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისთვის მომზადებულმა რესურსმა -” მოსწავლეების სოციალური და ემოციური განვითარება დაწყებით საფეხურზე”, სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
21 თებერვალს ჩატარებული სამუშაო შეხვედრის თემა – უნივერსალური /შრე 1: „აკადემიური და სოციალურ- ემოციური მხარდაჭერა ყველა მოსწავლისთვის“ იყო. შეხვედრაზე დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა ლიტერატურის, მათემატიკის და სპეციალურმა მასწავლებლებმა მონაწილეობა მიიღეს სახელმძღვანელოს – „მრავალშრიანი მხარდაჭერა დაწყებით საფეხურზე“ მიმოხილვაში (მიმდინარე სასწავლო წელს პროგრამაში ჩართულია 24 პედაგოგი). ვორკშოპებს მრავალშრიანი მხარდამჭერი სისტემის მოწვეული ტრენერი, განათლების ფსიქოლოგი ქ-ნი ბაია კუბლაშვილი უძღვებოდა.
25 – დან 28 თებერვლის ჩათვლით , ქ-ნი ბაია პროექტში ჩართული ყველა პედაგოგის გაკვეთილის დააკვირდა. ტრენინგები და საგაკვეთილო დაკვირვებები მაისის თვიდან აქტიურად განახლდება.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-2024

15 თებერვალს ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა ფრენბურთის გუნდებმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების და სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლის ორგანიზებით გამართულ – „ სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-2024 -ის „ რეგიონალურ თამაშებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს.
ასპარეზობაზე, რომელშიც დუშეთის, თიანეთის და მუხრანის გოგონათა და ვაჟთა გუნდები მონაწილეობდნენ, ჩვენი სკოლის გუნდმა საპატიო II ადგილი დაიკავა. სკოლის პედკოლექტივი ულოცავს ნორჩ ფრენბურთელებს და მათ პედაგოგებს (ელდარ ხარაზიშვილს; თამაზ ჯავახიშვილს) მიღწეულ წარმატებას.


New Project – Trainer of MTSS – მრავალშრიანი მხარდამჭერი სისტემა

2022-2023 სასწავლო წლის დასაწყისში საქართველოს 15 საჯარო სკოლაში, დაწყებით საფეხურზე, აშშ-ს საეთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, დაიწყო მრავალშრიანი მხარდამჭერი სისტემის დანერგვა.
სისტემის პილოტირების ფარგლებში, სხვადასხვა მიმართულებით, დაიგეგმა და განხორციელდა აქტიური ინტერვენციები: მოხდა მასწავლებელთა პროფესიული გაძლიერება, შეიქმნა მრავალფეროვანი სასწავლო რესურსები, დამყარდა მშობლებთან აქტიური კომუნიკაცია, სკოლებში შეიქმნა პროგრამის სამუშაო ჯგუფები და სხვა.
ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლის I-VI კლასების დაწყებითი საფეხურის ქართულისა და მათემატიკის ყველა მასწავლებელი, ასევე, სპეციალური მასწავლებელი გადამზადდა სწავლების ისეთი მეთოდოლოგიის გამოყენებაში, როგორიც არის: სწავლის უნივერსალური დიზაინი, მოსწავლეზე დაკვირვება, განმავითარებელი შეფასება, დიფერენცირებული სწავლება, კლასის მართვა და ა.შ.
New Project – Trainer of MTSS ფარგლებში მიმდინარე კვირიდან დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და მათემატიკის მასწავლებლების (მიმდინარე სასწავლო წელს პროგრამაში ჩართულია 24 პედაგოგი) მიერ ჩატარებული გაკვეთილებს მრავალშრიანი მხარდამჭერი სისტემის ქოუჩი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ქ-ნი ბაია კუბლაშვილი დაესწრება.

ვიზიტი მუხრანის მოხუცებულთა პანსიონატში

2024 წლის 6 იანვარს სასკოლო სამოქალაქო კლუბ „ბურის“ და სკოლის თვითმმართველობის წევრი მოსწავლეები, სტუმრად სოფელ მუხრანის მოხუცებულთა პანსიონატის – “მუხრანის სავანე” ბენეფიციარებთან იმყოფებოდნენ.
აღნიშნული საქველმოქმედო აქტივობა USAID სამოქალაქო განათლების პროგრამის – „ მე მოხალისე ვარ, გახდი შენც!“ ფარგლებში გაიმართა და მოხუცების მიმართ გამოჩენილ ყურადღებას პასუხად სითბო, სიხარული და სიყვარული არ მოჰკლებია.
პანსიონატის თანამშრომლებს და ბენეფიციარებს მოსწავლეებთან ერთად ახალი წელი და დამდეგი შობა სამოქალაქო განათლების პედაგოგმა – ნინო დოლიშვილმა მიულოცა.
ხანდაზმულების მადლიერმა, სითბოთი სავსე მზერამ და თვალში აკიაფებულმა სიხარულის თუ სევდის ცრემლებმა მოსწავლეებს შეახსენა, რომ ასაკის მატება გარდაუვალია, ხოლო თანადგომა მისასალმებელი.
ვიზიტის დასასრულს მოსწავლეებმა მოხუცებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და მათ მომდევნო შეხვედრის უსაზღვრო სურვილითა დაემშვიდობნენ.


კითხვის კონკურსი საშობაო თემატიკაზე გერმანულ ენაში

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის საჯარო სკოლამ ამავე მუნიციპალიტეტის 8 საჯარო სკოლის მოსწავლეებს და გერმანული ენის მასწავლებლებს უმასპინძლა.
ჩატარდა, საშობაო თემატიკასთან დაკავშირებული, კითხვის კონკურსის მეორე ტური, გერმანულ ენაში.
ჩვენი სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეებს, გოეთეს ინსტიტუტის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. აღნიშნულ ღონისძიებას წინ უსწრებდა, თითოეულ სკოლაში ჩატარებული, კითხვის კონკურსის პირველი ტური, რომელიც დეკემბერის დასაწყისში გაიმართა და მოსწავლეთა მხრიდან მაღალი ჩართულობით გამოირჩეოდა.
საშობაო თემატიკასთან დაკავშირებულ კითხვის კონკურსს ხელმძღვანელობდა გერმანული ენის პედაგოგი – თამილა სალბიშვილი.

” საშობაო სპექტაკლი ” და საახალწლო კარნავალი


შობა-ახალ წელს გილოცავთ , ჩვენო გოგო-ბიჭებო!
სასწაულები ხართ!
სსიპ ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით და დირექციის მხარდაჭერით, ჩვენი სკოლის ორივე კორპუსი სასიხარო ჟრიამულით აივსო. ფერად-ფერადად განათებულ მუხრანის ქუჩებს და სახლებს საუცხოოდ მორთული სკოლის ორივე შენობის შიდა და გარე სივრცე შეემატა. სააქტო დარბაზში წარმოდგენილმა „საშობაო სპექტაკლმა“ და საახალწლო კარნავალმა, მოლოდინს გადააჭარბა და როგორც სასკოლო საზოგადოებაზე, ისე მოწვეულ სტუმრებზე, არნახული შთაბეჭდილება მოახდინა. სხვადასხვა ინტელექტით დაჯილდოებულმა ჩვენმა მოსწავლეებმა, სცენაზე გააცოცხლეს ევროპელი სანტა კლაუსი, ქართველი თოვლის პაპა, ელფები, გრინჩი და საქართველოს სხვადასხვა კუთხის კოლორიტი პერსონაჟები.
პედაგოგებს და მოსწავლეებს ღრმად გვწამს შობის ერთიანობის და ჯადოსნურობის, გვიხარია წლის მოგონებებით სავსე პერიოდის ზღვა სიხარულით შეხვედრა, ნაძვის ხეების მორთვა, სასკოლო ფუსფუსი და ზღაპრული პერსონაჟებით გაფორმებულ ფერად-ფერად დერეფნებში სიარული.
მადლობა ამ ლამაზი საღამოსთვის, ზღვა ემოციისთვის!
მადლობა ზღაპრისთვის, რომელიც პატარებს მოუმზადეთ და საუკეთესო შესრულებით, ნამდვილი მსახიობებივით წარმოადგინეთ სცენაზე!
ყოჩაღ, მოსწავლეთა თვითმმართველობას!
ყოჩაღ, ბავშვებო!!!
თქვენი სკოლა თქვენით ამაყობს!



“მე ქართველი ვარ!”

სსიპ ნიკო ბაგრატიონოს (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლის პირველ-მესამე კლასებში ჩატარდა ღონოსძიება სახელწოდებით – ,,მე ქართველი ვარ!” გაითავისეს რა სამშობლოს სიყვარული, პატარებმა ცეკვით, სიმღერითა და ლექსებით შეძლეს გამოეხატათ დიდი სითბო და უდიდესი პატივისცემა მამულისადმი, მისი ტრადიციებისა და ენისადმი. “მე ქართველი ვარ! – მხოლოდ სამი სიტყვაა, მაგრამ გულანთებული ქართველისთვის ყველაფერის მომცემი და ყველაფერზე მაღლა მდგომი.
ო, საქართველოვ, წიგნო, ჩუმად გადასაშლელო,
გულისცემაში ჩასრესილო, სიკეთევ წმინდა.
შენი წყლულებით მინდა გული მეც ავაჭრელო,
შენი სახელით გახარება ათასჯერ მინდა.
დიდი ტრფიალის მეც დამადგი მძიმე უღელი,
გასწონე გული სიყვარულის მწივანა ისრით –
მე, თავმოჭრილი, წამებაში შეწუხებული,
გეამბორები, სახსოვარო, სისხლიან კისრით.
ნიკოლო მიწიშვილის ამ სიტყვებით მოეფერნენ, ჩვენი მომავალი სამშობლოსმცველები, თავიანთ ბედკრულ საქართველოს …

“წითელქუდას საამქრო”

გილოცავთ !!!
სსიპ ნიკო ბაგრატიონის (ბურის )სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლის პროექტი – “წითელქუდას საამქრო”,
USAID ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება.
აღნიშნული პროექტის ინიციატორები არიან: სამოქალაქო განათლების კლუბი “ბური ” და სკოლის თვითმმართველობა.
პროექტის მიზანია: სკოლაში შეიქმნას ჭრა-კერვის საწარმო, სადაც მოსწავლეები შეისწავლიან ჭრა-კერვას, ქარგვას, ქსოვას და სხვა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში – უფროსკლასელი მოსწავლეები შეისწავლიან მეწარმეობის საფუძვლებს, კერძოდ სოციალურ მეწარმეობას და ასევე გაივლიან სხვადასხვა პროფესიულ კურსებს.
პროექტის ფარგლებში დაარსდება სოციალური საწარმო, რომელიც მისი დასრულების შემდეგ დამოუკიდებლად გააგრძელებს ფუნქციონირებას.
აღნიშნულ საწარმოში დასაქმებული იქნებიან ის მოსწავლეები, რომლებიც უკეთ გაართმევენ თავს სწავლა-სწავლებას.
ვითანამშრომლებთ: გორის პროფესიულ კოლეჯ “განთიადთან”, საიდანაც მოვიწვევთ ჭრა კერვის პედაგოგს, კოლეჯის ბაზაზე მოსწავლეებს ჩაუტარდებათ მასტერკლასები და ტრენინგები.
პროექტის ფარგლებში აქტიურად ვითანამშრმლებთ: ადგილობრივ ხელისუფლებასთან; ა/ს ორგანიზაციებთან; წარმატებულ მეწარმეებთან; მშობლებთან; სკოლის ადმინისტრაციასთან; ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.

ჰარკნესის მეთოდი – დისკუსიაზე დაფუძნებული სწავლება


2023 წლის 10 დეკემბერს USAID სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სსიპ ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლის პედაგოგების გუნდმა, საქართველოს რამდენიმე სკოლის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მიერ ორგანიზებულ ვორკშოპში: ჰარკნესის მეთოდი – დისკუსიაზე დაფუძნებული სწავლება. შეხვედრის ფასილიტატორებმა: ქეთევან თოფაძემ და სიმომ ჯანაშიამ ყურადღება გაამახვილეს ჰარკნესის მეთოდზე, როგორც სწავლების სტრატეგიაზე, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებას. ეს საუკეთესო მეთოდია დისკუსიის წარმათვისა და შეფასებისათვის, ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას ღია სააზროვნო დისკუსიაში და ასევე, მოსწავლეთა ურთიერთთანამშრომლობას. ყურადსაღებია, რომ ეს არ არის შეჯიბრი, მოსწავლეები დისკუსიაში ჩართულნი არიან, როგორც ერთი გუნდი და არა ცალკეული ინდივიდნი.

