სსიპ ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის # 1 საჯარო სკოლა

     მუხრანი, ქართლის ერთ-ერთი უძველესი სოფელია. XIII საუკუნის 70 – იან წლებამდე მას შიოსუბანი ერქვა. მუხრანის სათავადოს დაარსების შემდეგ, აქ მწიგნობრულ – საგანმანათლებლო საქმიანობა დაიწყო: მრავლდებოდა ხელნაწერები, აქტიურად მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და პოეტები.

     ასე, რომ ამ სოფელში, კულტურულ და საგანმანათლებლო საქმიანობას, ჯერ კიდევ ადრე ჩაეყარა საფუძველი.

  1885 წელს, მუხრანში გაუხსნიათ ორკლასიანი სასწავლებელი. გაკვეთილის ხანგრძლივობა არ აღემატებოდა 30-40 წუთს. ერთი გაკვეთილი საღვთო რჯულის სწავლებას ეთმობოდა. ისწავლებოდა შემდეგი საგნები: რუსული ენა (გრამატიკა), გეოგრაფია, ისტორია, სუფთა წერა, გეომეტრიის საფუძვლები, ბუნებისმცოდნეობა და სხვა. სკოლაში ირიცხებოდა 45 მოსწავლე – 44 ვაჟი და 1 გოგონა (გოგონას სახელი ცნობილი არ არის). მეფის მთავრობის წარმომადგენლებმა მასწავლებლად დანიშნეს – ვინმე მათე, რომლის ვინაობა არავინ იცის. სკოლაში მიღების წესი ასეთი იყო – ოჯახიდან უნდა მიეღოთ მხოლოდ ერთი ბავშვი…

  1921 წელს, მუხრანის დაწყებით სკოლას სათავეში ჩაუდგნენ მასწავლებლები – კონსტანტინე რატიშვილი და გიორგი ნათიშვილი.

  1924 წლისთვის არსებობდა “გლეხთა საზოგადოების” შვიდწლიანი სკოლა – 101 მოსწავლით. მოსწავლეთა რიცხვი იმდენად გაიზარდა, რომ საჭირო გახდა ახალი შენობის აგება. ამის გამო, სოფლის თავკაცებმა, სკოლა, მუხრან ბატონის (ნიკო ბურის) სასახლეში გადაიტანეს და აქვე გახსნეს “წერა-კითხვის უცოდინრობის სალიკვიდაციო სკოლა”. 

  მალევე, გამგე მასწავლებლის, ვანო მარკოზაშვილის, ხელშეწყობით სკოლისთვის შეიძინეს ახალი ინვენტარი: მერხები, სკამები, საკლასო დაფები …

   1934 წელს, სკოლას სათავეში ჩაუდგა პართენ ლოგუა, რომლის მცდელობის შედეგადაც, შვიდწლიანი სკოლა საშუალო სკოლად გადაკეთდა.

  გადიოდა დრო. მუხრან ბატონის ყოფილი საცხოვრებელი შენობა ვეღარ აკმაყოფილებდა სასკოლო მოთხოვნებს …

   1963 წლის 7 ნოემბრის განათლების სამინისტროს დადგენილების საფუძველზე, სოფელმა, 1965 წელს ახალი სასკოლო შენობის გახსნა იზეიმა. (სკოლის შენობას წარმოადგენდა, დღევანდელი სკოლის წინა ნაწილი)

       სკოლას ახალი ფასადი 1973-1975 წლებში მიაშენეს.

     1966 წელს, სკოლაში იმდენად დიდი რაოდენობის ბავშვმა მოიყარა თავი, რომ გაიყო და მოქმედება დაიწყო მეორე საშუალო სკოლამ, მაგრამ ამ უკანასკნელმა  შენობის სიპატარავის გამო, მხოლოდ 1977 წლამდე იარსება. 1977 წელს კი, გადაკეთდა რვაწლიან სკოლად და ფუნქციონირებდა 2003 წლამდე. 2003 წელს, ცხრაწლიანი სკოლა ისევ მეორე საშუალო სკოლად გადაკეთდა.

      2012 წლამდე ორივე საშუალო სკოლა აგრძელებდა ცალ-ცალკე ფუნქციონირებას.

    2008 წელს, პირველ საშუალო სკოლას ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი, – შეიცვალა ფანჯრები, დამონტაჟდა გათბობის სისტემა. 2011 წლის 12 ოქტომბერს, სკოლას მიენიჭა ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელი და ეწოდა სსიპ ნიკო ბაგრატიონის ბურის სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლა.

    2012 წლის 3 თებერვალს, მეორე საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაციის მიზნით, განხორციელდა მუხანის #1 და #2 საჯარო სკოლების რეორგანიზაცია და  სსიპ ნიკო ბაგრატიონის ბურის სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლას შეუერთდა #2 საჯარო სკოლა.  მათი განცალკევება აღარ მომხდარა…

   ამჟამად  სსიპ ნიკო ბაგრატიონის ბურის სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლა განთავსებულია ორ სასწავლო კორპუსში. მეორე სასწავლო კორპუსს წარმოადგენს, ყოფილი, #2 საჯარო სკოლა …

  დღეისთვის, მუხრანში სკოლა წარმოადგენს საგანმანათლებლო ცენტრს, რომელიც წარმატებით აგრძელებს ფუნქციონირებას და შესაძლებლობებს არ იშურებს იმისათვის, რომ მხრებგაშლილმა ატაროს ისტორიული წინაპრის სახელი…