სიახლეები

”წლის საუკეთესო მოხალისე 2025“

5 დეკემბერი არის დღე, როდესაც მოხალისეები, მოხალისეთა საინიციატივო ჯგუფები და ორგანიზაციები წარმოადგენენ მთელი წლის განმავლობაში მათ მიერ განხორციელებული მოხალისეობრივი საქმიანობის ანგარიშს და ასევე განსაზღვრავენ მომავალი წლის სამოქმედო გეგმას.

2025 წლის 5 დეკემბერს სასტუმრო ბილტმორში გამართულ ”საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდო ახალგაზრდებისა და მოზარდებისთვის“ დაჯილდოების ცერემონიალზე ”წლის საუკეთესო მოხალისე 2025“ ტიტული მოიპოვა XII კლასის მოსწავლემ – ანასტასია პაპუკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 1985 წლის 17 დეკემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიღებულ რეზოლუციაში ხაზი გაუსვა მოხალისეობრივი საქმიანობის განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობას სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროში და შესთავაზა წევრ სახელმწიფოებს ყოველწლიურად აღენიშნათ 5 დეკემბერი, როგორც მოხალისეთა საერთაშორისო დღე (International Volunteer Day). სწორედ აქედან იღებს სათავეს მოხალისეთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა.

სასკოლო საზოგადოება ულოცავს ანასტასიას გამარჯვებას და უსურვებს დასახული მიზნების წარმატებით განხორციელებას.

”ფიზიკა ყველასათვის”

მუხრანის #1 საჯარო სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის პროფესორი ბ-ნი თეიმურაზ ნადარეიშვილი.

ბატონმა თეიმურაზი სკოლის სააქტო დარბაზში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს შეხვდა და წაიკითხა ლექცია თემაზე: ,,ფიზიკა ყველასათვის“.

აღნიშნულ ლექციაზე სპიკერმა განიხილა ფიზიკის სხვადსხვა დარგები და მათი მიმართებები ერთმანეთთან, სხვა მეცნიერებებთან და ყოველდღიურ ცხოვრებასთან.

ლექცია წარიმართა სამყაროს შემეცნების მარტივი მეთოდებიდან (კინემატიკა) რთულისკენ (ფარდობითობის სპეციალური და ზოგადი თეორიები). ასევე განხილული იყო ისეთი ფილოსოფიური საკითხები, როგორიცაა: რა არის სიცოცხლე? სად შეიძლება სიცოცხლის არსებობა, ეგზოპლანეტები და ა.შ.

ლექცია მიმდინარეობდა ინტერაქციურ რეჟიმში, ამასთანავე დასასრულს დრო დაეთმო აუდიტორიის კითხვებზე პასუხებს.

მოსწავლეების მხრიდან გაჟღერდა საინტერესო კითხვები, რომლებიც შეეხებოდა დროში მოგზაურობას, ხელოვნური ინტელექტის აზროვნების შესაძლებლობებს, დამატებით განზომილებებს და ა. შ.

მოსწავლეებმა ლექციის დასრულებისთანავე სპიკერისგან მიიღეს პირობა, რომ მსგავსი შეხვედრა კიდევ შედგეს სადაც უფრო რთული და საინტერესო თემები იქნება განხილული.

„ავტოგრაფი“

მუხრანის #1 საჯარო სკოლაში საფუძველი ჩაეყარა გრძელვადიან პროექტს „ავტოგრაფი“, რომლის პირველი სტუმარიც იყო „ საქართველოს ხმის“ წარმატებული მონაწილე, ამავე სკოლის XII კლასის მოსწავლე ნიკა ზარიაშვილი. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ეკატერინე ვარდიაშვილი, მისი თანაწამყვანები იყვნენ ლუკა გურგენიშვილი, მარიამ მესროფოვი და ანასტასია შაჰნაზაროვი. მათ ნიკას შეკითხვები დაუსვეს და უფრო მეტი გაიგეს მის შესახებ. უკეთესად გაიცნეს ნიკა დაბადებიდან დღემდე.

ავტოგრაფში მონაწილეობდნენ: ნიკას დედა – ნატო გავაკეთაშვილი, ბებიები ბელა და ნონა გურგენიძეები, ნიკას ბავშვობის მეგობრები: ნათია ზარიაშვილი და ანზორ კუზანოვი.

ნიკამ აღფრთოვანებით ისაუბრა სკოლაზე, მუსიკის და სკოლის პედაგოგებზე და დამსწრე საზოგადოებას მოწვევისთვის დიდი მადლობა გადაუხადა. სკოლის დირექტორმა ქ-მა სოფიო კუბლაშვილმა გულთბილი ემოცია და სიყვარული გამოხატა ნიკას მიმართ და ისაუბრა „ ავტოგრაფის“ შესანიშნავ წამოწყებაზე, რომელიც სასკოლო საზოგადოებისთვის სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა.

მასწავლებლებმა: რ. ნოზაძემ, მ. შარიფაშვილმა, თ. აბაშვილმა, მ. ამირაშვილმა, ნ. გავაკეთაშვილმა თბილი და სასიამოვნო სიტყვები არ დაიშურეს და ნიკას სამომავლო წარმატებები უსურვეს.

ნიკა ზარიაშვილმა თავისი შემოქმედებიდან რამდენიმე სიმღერა შეასრულა.

ეკატერინე ვარდიაშვილმა ნიკას სიმბოლური საჩუქარი – გიტარა და ემბლემა გადასცა.

ნიკას დედამ, ნატო გავაკეთაშვილმა, დამსწრე საზოგადოებას მისი შვილის მოწვევისა და დაფასებისთვის უღრმესი მადლობა გადაუხადა და ეკატერინე ვარდიაშვილს სამადლობელი ლექსი მიუძღვნა.

ეს სასიამოვნო დღე სკოლის ისტორიის ერთ – ერთ დაუვიწყარ ფურცლად იქცა. პროექტი გაგრძელდება და შემდგომი სტუმარი მასწავლებელი იქნება …

საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაში სიახლე დაინერგა

სკოლის მოსწავლეთა გუნდი STEM ოლიმპიადაში ჩაერთო

ფიზიკის მასწავლებლის ნიკა ტუღუშის ინიციატივით განხორციელებულ სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობებს შორის ერთ-ერთი, სკოლის მოსწავლეთა გუნდის STEM ოლიმპიადაში ჩართვაა.

STEM ოლიმპიადა საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის მორიგი საგანმანათლებლო პროექტია. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში მცხოვრებ მოსწავლეებში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზებას, რისთვისაც პროექტი უზრუნველყოფს STEM მიმართულებით დაინტერესებული მოსწავლეების წახალისებას სხვადასხვა პრიზებით და მონაწილე სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლების გადამზადებას სფეროს ექსპერტების მიერ.

მუხრანის #1 საჯარო სკოლის გუნდი ხუთი მონაწილისაგან შედგება: ნინი პეპანაშვილი და ანასტასია ავანაშვილი (ფიზიკა); ლუკა გურგენიშვილი, მარიამ პეპანაშვილი და დავით ქემხაშვილი (მათემატიკა).

სასკოლო საზოგადოება წარმატებებს უსურვებს ნიკა ტუღუშს და სკოლის გუნდს.

2025-2026 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური თამაშები მინი ფეხბურთში

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურისა და ა(ა)იპ სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლის ორგანიზებით, მინი ფეხბურთში 2025-2026 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური თამაშები გაიმართა.

შეჯიბრში მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიდან 18 გუნდი მონაწილეობდა.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადისთვის მუხრანის N1 საჯარო სკოლის ვაჟთა და გოგონათა გუნდების შემადგენლობის შერჩევას და მომზადებას, ტრადიციულად სპორტის პედაგოგი გიორგი მიქელაძე ხელმძღვანელობდა.

ვაჟთა შორის ფინალურ თამაშში ერთმანეთს მუხრანის N1 საჯარო სკოლისა ( სპორტის და თორმეტი მოციქულის სახელობის მცხეთის გიმნაზიის გუნდები შეხვდნენ. გამარჯვება მუხრანის ვაჟთა გუნდმა მოიპოვა.

გოგონათა შორის ფინალში მუხრანის N1 და ძეგვის საჯარო სკოლების გუნდების დაპირისპირება მუხრანის გამარჯვებით დასრულდა.

ღონისძიების ორგანიზატორებმა გამარჯვებულებს რეგიონულ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და სიგელები გადასცეს.

STEAM კლუბი

ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლაში აქტიურ მუშაობას აგრძელებს STEAM კლუბი.

STEAM კლუბის მუშაობას, რომელშიც VIII-XI კლასის 24 მოსწავლეა ჩართული, ხელმძღვანელობენ ფიზიკის მაძიებელი მასწავლებელი ნიკა ტუღუში და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი ნინო ფარტენაძე.

როგორც კლუბის ხელმძღვანელები ნიკა ტუღუში და ნინო ფარტენაძე ფიქრობენ, მათ მიერ ჩამოყალიბებული STEM კლუბი მოსწავლეებს საშუალებას მისცემს განივითარონ შემოქმედებითი, ლოგიკური, კრიტიკული სააზროვნო უნარები, გამოიმუშაონ გუნდური მუშაობის ჩვევები.

პედაგოგების აზრით კლუბური მუშაობა, რომელიც სრულიად განსხვავდება საგაკვეთილო პროცესისგან თანამედროვე სკოლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგანაც სწორედ კლუბში მუშაობით შეუძლია მოსწავლეს თეორიული ცოდნა გამოიყენოს პრაქტიკაში. სწორედ პრაქტიკული სამუშაოები ეხმარება მათ მივიდნენ ახალ მიგნებებამდე და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როცა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინჟინრო და ტექნოლოგიურ სფეროების მიმართ მოსწავლეთა ინტერესი საკმაოდ დაბალია.

კლუბის ერთ-ერთ სამუშაო შეხვედრაზე, ჩატარდა კლასიკური ექსპერიმენტი ელექტროსტატიკიდან. კერძოდ – მოსწავლეებმა თმაზე ხახუნის შედეგად დამუხტული ბურთების საშუალებით შექმნეს ქაღალდის ფურცლისაგან გამოჭრილი „კაცუნების“ (სილუეტების), რომელთა ფეხები დამაგრებული იყო მერხზე წებოვანი ლენტით, წამოდგომის ილუზია.

მუხრანის პირველი საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

წაიკითხე წიგნები უკეთესად იქნები!!!

უხრანის #1 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის პედაგოგმა მარიამ ყარაშვილმა მე-3 (ბ) კლასის მოსწავლეები არდადეგებისთვის განკუთვნილ პროექტში – „წაიკითხე წიგნები უკეთესად იქნები“ ჩართო.

აღნიშნული პროექტის განმავლობაში პატარებმა თანატოლებისთვის დაამზადეს ანკეტები და ჩაატარეს გამოკითხვა, რომლის შედეგად გამოვლინდა მათ ასაკობრივ ჯგუფში „პოპულარული წიგნები“.

დამრიგებელთან ერთად მოსწავლეებმა სურვილისამებრ დაგეგმეს არდადეგებზე წასაკითხი წიგნების ნუსხა, რომელთა წაკითხვის შემდეგ, ახალ სასწავლო წელს სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დატვირთულები ჩაერთვებიან სასწავლო პროცესში.

პროექტი მიზნად ისახავს – მოსწავლეებში აზროვნების განვითარებას, სასაუბრო ლექსიკის გამდიდრებას, ანალიტიკური აზროვნების განვითარებას და წერითი უნარების გაუმჯობესებას.

სტუმრად თეატრში

მუხრანის #1 საჯარო სკოლის მე-4 (დ) და მე-2 (გ) კლასების მოსწავლეები (კლასების ხელმძღვანელი: მარიამ შარიფაშვილი) სკოლის დირექციამ მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლის ბილეთებით დაასაჩუქრა.

ეს ღირსეული საჩუქარი, პატარა მსახიობებმა სპექტაკლის „ იავნანამ რა ჰქმნა“ – დედაშვილობის ჰიმნი განსაკუთრებულად წარმოდგენის გამო მიიღეს.

როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნულ სპექტაკლზე დაწყებითი საფეხურის ორივე კლასის მოსწავლეებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

მე-2 (გ) კლასის მოსწავლეებმა სცენაზე – „ურჩხული და ლამაზმანი“, ხოლო მე-4 (დ) კლასის მოსწავლეებმა „ჰელადოსი“ იხილეს და სახლში ზღვა ემოციებით დატვირთულები დაბრუნდნენ.

თეატრში სტუმრობით ასევე კმაყოფილი არიან პედაგოგი მარიამ შარიფაშვილი და მშობლები , მათ მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე განსაკუთრებული ზრუნვისთვის სკოლის დირექციას მადლობა გადაუხადეს.

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა წარმტაცი ღონისძიება

მუხრანის #1 საჯარო სკოლის მე-4 (დ) კლასის (კლასის ხელმძღვანელი: მარიამ შარიფაშვილი) მოსწავლეებმა მეოთხე კლასი ემოციური ღონისძიებით დაამთავრეს.

გამოსაშვები საღამო ამაღელვებელი, საინტერესო და მრავალფეროვანი ნომრებით იყო გაჯერებული.

მოსწავლეების მიერ წარდგენილმა მუსიკალურმა და ქორეოგრაფიულმა ნომრებმა დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ხელმძღვანელი მარიამ შარიფაშვილი გახლდათ.

„ ძნელია ისაუბრო განვლილ წლებსა და პირველი მასწავლებლის მნიშვნელობაზე, მაგრამ ამაზე მათი ქმედებები ისაუბრებენ.

ისინი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გადადგმული ნაბიჯებით აუცილებლად მოყვებიან, რომ მათ საკლასო ოთახში უდიდესი სითბო და სიყვარული სახლობდა“ – სასიამოვნოდ აღელვებული ამბობს მარიამ მასწავლებელი.

პირველ მასწავლებელთან დამშვიდობება

დღემაღალო, დღეგრძელო,

ყველგან ჩემო მხლებელო,

ამ მადლიან მადლისთვის

გმადლობთ, მასწავლებელო!

– ამ სიტყვებით, 13 ივნისს, მე-4 (ბ) კლასის მოსწავლეები პირველ მასწავლებელს – ია ჭანტურიას დაემშვიდობნენ. ადამიანს, რომელთანაც ერთადაც სასკოლო ცხოვრებაში პირველი ნაბიჯები გადადგეს.

ხშირად, სწორედ პირველ მასწავლებელზეა დამოკიდებული, თუ როგორ წარიმართება ადამიანის, როგორც მოსწავლის ცხოვრება. მასწავლებელს შეუძლა მათ სწავლისა და ცოდნის მიღების სურვილი გაუღვივოს.

ვემშვიდობებით ჩვენს პირველ მასწავლებელს, მაგრამ იმედით. შუქი მაინც ანათებს ჩვენს გულებს, რადგან ვრჩებით ულამაზეს ცოდნის ტაძარში, ძალიან გვიყვარს ჩვენი სკოლა, რადგან ყველანაირი პირობაა შექმნილი რომ ჩვენ ვისწავლოთ უკეთესად, სურვილი გვიჩნდება ვასახელოთ მშობლიური სკოლა რათა ამაყად შევხედოთ თვალებში ჩვენს მასწავლებლებს – ამბობენ პატარები.

გაისმის ბოლო ზარის წკრიალი. იგი არ გავს არც ერთ ადრინდელს. ეს ხმა მათ აშორებს პირველ მასწავლებელს და ამცნობს ახალი ცხოვრების დაწყებას, რომელიც ელოდებათ მომავალი სასწავლო წლიდან ახალ კლასში, ახალ მასწავლებლებთან !

ზღაპრული გამოსაშვები საღამო

მუხრანის #1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას, მათი როგორც ცოდნის, ისე შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

ამ მხრივ განსაკუთრებულად გამორჩეული და ნაყოფიერი იყო 2024-2025 სასწავლო წელი.

ჩატარებულ ღონისძიებებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია მე-4 (ა) კლასის ( კლასის ხელმძღვანელი: მანანა პეპანაშვილი) გამოსაშვები საღამო. მოსწავლეებმა წარმატებით დაასრულეს დაწყებითი საფეხურის ოთხი კლასი და საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ.

საღამოს, რომელზეც ჩვენმა პატარებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს ემოციური ელფერი გასდევდა. ამ დღეს მოსწავლეებმა კლასის ხელმძღვანელს – მანანა პეპანაშვილს გაწეული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს და დაემშვიდობნენ. დამრიგებელმა კი მათ გზა დაულოცა და წარმატება უსურვა.

ღონისძიების დასასრულ მოსწავლეებმა სკოლის ეზოში გააფრინეს ფერადი ბუშტები ჩაფიქრებული სურვილებით და ერთმანეთს ფერად კვამლში გახვეულ სივრცეში დაემშვიდობნენ.

სასკოლო საზოგადოება ულოცავს ჩვენს ლამაზ გოგო-ბიჭებს მეხუთე კლასში გადასვლას და შემდგომ საინტერესო და ნაყოფიერ წლებს უსურვებს.

მე-4 (გ) კლასელთა ლამაზი გამოსაშვები საღამო

მუხრანის #1 საჯარო სკოლის მე-4 (გ) კლასის მოსწავლეებმა წარმატებული ოთხი წელიწადი შეაჯამეს. მათ პედაგოგ გიული თეზელიშვილის ხელმძღვანელობით, მოაწყეს გამოსაშვები საღამო, რომელიც სითბოთი, სიხარულითა და მომავლის იმედით იყო სავსე.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები წელს პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან, რამაც ღონისძიებას განსაკუთრებული ემოციური ელფერი შესძინა. მე- 4 კლასელებმა დამრიგებელს ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.

პატარებმა შესაძლებლობების აღმოჩენის, გამოვლენის, მცდელობებისა და გამოწვევების დაძლევის ოთხი წელი გაატარეს საყვარელ გიული მასწავლებელთან ერთად. ბევრი ბედნიერი, ღიმილით დატვირთული დღე აჩუქეს ერთმანეთს. საღამო არაერთმა გულთბილმა სიტყვამ გაალამაზა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექცია, მშობლები და პედაგოგები. მოსწავლეებმა თავი გამოიჩინეს სხვადასხვა ნომრით, რამაც დიდი ემოციები გამოიწვია მაყურებელში.

სკოლის დირექტორმა ქ-მა სოფიო კუბლაშვილმა მოსწავლეებს მიულოცა ახალი ეტაპის დაწყება და უსურვა სკოლის, ოჯახის და ქვეყნის სასახელოდ ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა.

„ აი ია, აი ჩვენ“

მუხრანის #1 საჯარო I კლასის მასწავლებლებმა ია ჭანტურიამ და ბელა გურგენიძემ მოსწავლეები პირველ არდადეგებზე ქართული ენისა და ანბანისადმი მიძღვნილი ღონისძიებით – „ აი ია, აი ჩვენ“ გააცილეს.

ღონისძიების მიზანი მოსწავლეებში ქართული ენის სიყვარულის, პატივისცემის და ეროვნული თვითშეგნების განვითარება იყო.

პირველკლასელებმა ქართული ენისა და ანბანისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს და თემატური სიმღერებით და ცეკვებით წარსდგნენ დამსწრე საზოგადოების წინაშე.

მოსწავლეები გამოირჩეოდნენ შემოქმედებითი მიდგომით და პასუხისმგებლობით, რამაც მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

ღონისძიება პოზიტიურ და თბილ გარემოში ჩატარდა, რაც განსაკუთრებით სასიხარულო იყო მშობლებისთვის, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ დაენახათ შვილების პროგრესი.

„სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა“

სამშობლოს სიყვარული, მისი დიდება და ხიბლი ადამიანმა ბავშვობიდანვე უნდა გააცნობიეროს, რათა მიხვდეს მის ღირებულებასა და ფასეულობას. სამშობლოს სიყვარული ქვეყნის გაცნობასთან ასოცირდება. ქვეყანა უნდა გიყვარდეს და პატივს სცემდე არა პლატონურად და გაუცნობიერებლად, არამედ ცოდნითა და შემეცნებით.

სწორედ იმისთვის რომ ახალ თაობას ვასწავლოთ და მტკიცე საფუძველი შევუქმნათ სამშობლოს სიყვარულის გასაძლიერებლად მუხრანის N1 საჯარო სკოლის III (ა) კლასის პედაგოგის მარინა რევაზიშვილის მიერ დაიგეგმა და განხორციელდა საქართველოსთან და მის კუთხეებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო ხასიათის კვირეული „სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა“.

I ეტაპზე მოსწავლეებმა სიღრმისეული ანალიზის მეშვეობით შეისწავლეს სასწავლო მასალით გათვალისწინებული პროგრამა, რომელმაც დიდი როლი შეასრულა კვირეულის შემდეგი საფეხურების განვითარებასა და დაგეგმვაში.

II ეტაპზე მოსწავლეებმა პროგრამულად გავლილი მასალა გაამრავალფეროვნეს და მათთვის საყვარელ სხვადასხვა კუთხის შესახებ მოიძიეს ინფორმაცია, რომელიც სათანადო ილუსტრაციებით გააფორმეს. ეს მათ დაეხმარათ არა მხოლოდ ერთი კუთხის, არამედ მთელი საქართველოს გაცნობასა და ახალი და მათთვის საინტერესო ინფორმაციის მიღებაში.

III ეტაპზე მოსწავლეებმა ჩამოაყალიბეს და შეასრულეს წერილი, რომელიც მიზნად ისახავდა თავიანთი უცხოელი მეგობრისთვის საქართველოსა და მისი ღირშესანიშნაობების გაცნობას. II ეტაპზე მიღებული გამოცდილებამ და ცოდნამ დიდი და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მესამე ეტაპის შესრულებისთვის. ამ დავალების შესრულების პროცესში მოსწავლეებმა წერილი ერთ-ერთ საერთაშორისო ენაზე, ინგლისურად გადათარგმნეს მათი ინგლისურის მასწავლებლის ქ. თეონა ხუციშვილის დახმარებით.

IV ეტაპზე მოსწავლეებმა თავის სურვილისამებრ შეარჩიეს და დაგეგმეს ექსკურსია საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში ფშავში.

„იავნანამ რა ჰქმნა“ – დედაშვილობის ჰიმნი

მუხრანის #1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა სახის ღონისძიება რეგულარულად იმართება.

ამჯერად 2 (გ) და 4 (გ) კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლი „ იავნანამ რა ჰქმნა“ გაითამაშეს, რომლის სცენარის ავტორი, რეჟისორი და დეკორატორი მარიამ შარიფაშვილი გახლდათ.

მოსწავლეებმა სპექტაკლზე მუსიკალური ნომრებს წარმატებით გაართვეს თავი – იცეკვეს, სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაუკრეს და ხალხური სიმღერები შეასრულეს.

მათ სამსახიობო ნიჭი, შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

სცენარის ავტორი – აღნიშნული კლასების პედაგოგი მარიამ შარიფაშვილი დღის ემოციებს გვიზიარებს და ღონისძიების თითოეულ მონაწილეს მადლობას უხდის.

მარიამ შარიფაშვილი: – “სპექტაკლის განმავლობაში ვღელავდი, ჩემი პატარა მსახიობების განცდებს დარბაზიდან ვპასუხობდი, როცა ქეთო მაგდანთან დაბრუნდა და დედა იცნო, მხოლოდ მაშინ გავაპარე თვალი მაყურებლისკენ და არ გამკვირვებია, ნახევარი დარბაზი ცრემლს იწმენდდა.

ამ ემოციური დღისთვის უღრმესი მადლობა სკოლის დირექტორს, ქალბატონ სოფიო კუბლაშვილს, რომელიც თითოეული პედაგოგისთვის დიდი მეგობარი და გულშემატკივარია. მისი ხედვის უნარი კი ჩემთვის უძვირფასესია.

სცენიდან ნათქვამს ისევ გავიმეორებ, „იავნანა“ დედაშვილობის ჰიმნია, დედისა და შვილის ყველაზე გამორჩეული სიყვარულის ამოძახილი. იმ სიყვარულის, სამყაროს ღერძს რომ წარმოადგენს. აბა ყური დაუგდეთ „იავნანას“ , თითქოს დედის ხმაში ზეციური სინარნარე არხევს სიმებს. ვერცერთი ლოტბარი ამ გრძნობით ვერ იმღერებს, ვერცერთი მგალობელი ამ ბგერას ვერ გადმოსცემს…

და ბოლოს, „დედა მარტო დედა არაა. ყველაფერია, რაც ამ ქვეყანასთან გვაკავშირებს, რასაც სიცოცხლე ჰქვია, რასაც სული უდგა და მზე უცქერის“.

მადლობა, ჩემო პატარა მსახიობებო, მშობლებო, კოლეგებო! კიდევ ბევრი სპექტაკლი გველოდება წინ!”

ექსკურსიაზე ინტერაქტიურ და სამეცნიერო მუზეუმ „ ექსპერიმენტორიუმში“

მუხრანის #1 საჯარო სკოლის 5(ა) კლასის მოსწავლეები (კლასის ხელმძღვანელი: ნ. გავაკეთაშვილი) ექსკურსიაზე ინტერაქტიურ და სამეცნიერო მუზეუმ „ ექსპერიმენტორიუმში“ იმყოფებოდნენ.

მოსწავლეებმა ფიზიკის ინტერაქტიური ექსპოზიცია და ქიმიის ლაბორატორია დიდი ინტერესით მოინახულეს და ემოციებით დატვირთულები დაბრუნდნენ.

როგორც მოგეხსენებათ, სამეცნიერო მუზეუმში წარმოდგენილია 70 – მდე ექსპონატი, რომლებიც ფიზიკის კანონების თვალსაჩინოებას ახდენენ. ამასთან, ყველა ექსპონატი ინტერაქტიულია, რაც იმას ნიშნავს რომ მათთან შეხება და გამოცდა არათუ ნებადართული, არამედ – აუცილებელია.

გარდა ფიზიკის ინტერაქტიული ექსპოზიციისა, ექსპერიმენტორიუმში წარმოდგენილია ქიმიის ლაბორატორია, სადაც ქიმიური ცდები მარტივი, ყველასთვის გასაგები და სახალისო მეთოდებით ტარდება. ისევე როგორც ფიზიკის საგამოფენო სივრცე, ქიმიური ცდებიც ინტერაქტიული ხასიათისაა (უსაფრთხოების ფარგლებში).

დედაენის დღე

ენავ, ქართულო,

სიბრძნის სატეხით გამოკვართულო,

ღვთიურო მუზავ,

ქართველის სულში ამოქარგულო,

ენავ ქართულო, ლაზარეს ენავ,

იდუმალებით

განკითხვის დღედ გადანახულო,

კოლხთა, იბერთა ისტორიავ,

ოქროს საწმისო,

მხოლოდ ქართველთა საკუთრებავ –

სხვა… არავისო!

მუხრანის #1 საჯარო სკოლის III (გ) კლასში ( კლასის ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: მარიამ ყარაშვილი), დედაენის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი აქტივობები განხორციელდა:

1. კალიგრაფიის კონკურსი, რომელიც დაძველებულ ფურცლებზე ჩატარდა;

2. კონკურსი “სახვითსა და გამოყენებით ხელოვნებაში”, რომლის თემა მოიცავდა, ყველასთვის ცნობილ და საყვარელ ნაწყვეტებსა და ეპიზოდებს იაკობ გოგებაშვილის ლიტერატურული შემოქმედებიდან.

3. ღონისძიება, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა გააცოცხლეს ეპიზოდები იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებებიდან და ქართულ ენაში გავრცელებული ბარბარიზმები გააჟღერეს. მუსიკალური ნომრების შესრულებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი: მაია ბედიანაშვილი.

თანდართული ფოტომასალა ასახავს მოსწავლეთა საუკეთესო ნაშრომების გამოფენას და ღონისძიების მიმდინარეობას.

14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დაცვის, დედაენის დღე აღინიშნება

ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლის IV (გ) კლასში (კლასის ხელმძღვანელი: გ. თეზელიშვილი), დედა ენის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო, მრავლისმომცველი და შემეცნებითი ღონისძიება წარმატებით განხორციელდა.

მოსწავლეებმა ისაუბრეს როგორც იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიაზე, ასევე დედაენასა და მის მნიშვნელობაზე.

ღონისძიებაში ჩართულმა ჩვენმა პატარებმა ქართველი პოეტების დედაენისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს. მათ მიერ შესრულებულმა და მუსიკალურმა და ქორეოგრაფიულმა ნომრებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

პატარების გულში კიდევ ერთხელ აგიზგიზდა ქართული ენის, ქართული სიტყვის სიყვარულის ცეცხლი, რომელიც არასდროს არ ჩაქრება.

სკოლის დირექტორმა ქ-მა სოფიო კუბლაშვილმა შეაფასა ღონისძიება და გაწეული მუშაობისთვის ყველას დიდი მადლობა გადაუხადა.

როგორც მოგეხსენებათ, 47 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა და პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია.

14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა, ამ თარიღთან დაკავშირებით დედაენის ძეგლთან, ტრადიციულად, ყოველ წელს, სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა.

ანა კალანდაძის 100 წლის იუბილე

მუხრანის #1 საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა, რომ მოსწავლეებმა დიდი ქართველი მწერლებისა და პოეტების შესახებ ცოდნა გაიღრმაონ.

ამ მიმართულებით, საგანმანათლებლო დაწესებულებაში არაერთი საინტერესო აქტივობა ეწყობა. სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა , არც ანა კალანდაძის 100 წლის იუბილე დარჩენილა.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, IV (ა) კლასში თემატური ღონისძიება გაიმართა, რომლის მიმდინარეობაში მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ.

მათ ანა კალანდაძის ლექსები წაიკითხეს, შემოქმედებითი ნომრები გამართეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

🌷 🌷 🌷 გაზაფხულის დღესასწაულები 🌷 🌷 🌷

მუხრანის #1 საჯარო სკოლის მე-5 (ბ) კლასის მოსწავლეებმა გაზაფხულის დღესასწაულები ულამაზესი საკლასო ღონისძიებით აღნიშნეს.

მოსწავლეებმა აღნიშნული ღონისძიება პედაგოგებს, მოწვეულ მშობლებს და მუხრანის თემში მცხოვრებ ყველა ქალბატონს მიუძღვნეს.

ღონისძიება კლასის ხელმძღვანელის – ნინო ზურაბიშვილის და მუსიკის პედაგოგის მაია ბედიანაშვილის უშუალო ჩართულობით დაიგეგმა და წარმატებით განხორციელდა.

სკოლის დირექტორმა ქ-მა სოფიო კუბლაშვილმა პედაგოგებს და მოწვეულ სტუმრებს გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცა და მოსწავლეებს სამომავლო წარმატებები უსურვა.

ქალი როცა იქმნებოდა

ერთი რამე ხდებოდა,

სილამაზე არსებობდა

და ვერავინ ხვდებოდა,

ქალთან ერთად სილამაზე

ყველაფერში ჩნდებოდა,

როცა ქალი არსად ჩანდა

სილამაზეც ქრებოდა.

ბუნებისგან ალბათ ყველა

ამას ელოდებოდა,

სილამაზის ეტალონი

ქალი რომ გახდებოდა,

სადაც სილამაზე ჭვრეტდა

ქალი იცქირებოდა,

ლამაზ ღიმილს ვინმე ქმნიდა?

ქალი იღიმებოდა!

„მეცნიერება მომავალი თაობისთვის“

მუხრანის #1 საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, 1 და 4 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ და ახლად დაწყებული სამეცნიერო პროექტის ფარგლებში გამართულ ლექციებს დაესწრნენ.

ჩვენმა მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ზემოთ აღნიშნული პროექტის – „მეცნიერება მომავალი თაობისთვის“ ფარგლებში ჩატარებული ლექციები:

1.“როგორ მუშაობს ჩვენი სამყარო?“

2.ხელოვნური ინტელექტის გავლენა ჩვენს აწყმოსა და მომავალზე“

3.ტვინის ლაბირინთიდან ფსიქიკისკენ: როგორ ყალიბდება ქცევა და ცნობიერება“

4.მათემატიკა და ბუნების კანონზომიერებანი“ – მოისმინეს

🌷 ტრადიცია გრძელდება 🌷

მუხრანის #1 საჯარო სკოლის 2(ა) კლასის მოსწავლეებმა ( კლასის ხელმძღვანელი: ნათია სირბილაძე) დედის დღეს ულამაზესი საკლასო ღონისძიება მიუძღვნეს.

საზეიმოდ გამოწყობილი ჩვენი პატარები მშობლებისა და დამსწრე საზოგადოების წინაშე დედისადმი მიძღვნილი ლექსებით წარსდგნენ და სკოლის ისტორიაში კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი ჩაწერეს.

ღონისძიებას ლაიტმოტივად იოსებ ნონეშვილის ცნობილი სიტყვები გასდევდა:

დედაა ბედნიერების,

სიკეთის გამომსახველი,

მიტომ უწოდეს სამშობლოს

დედა-სამშობლოს სახელი.

შევხარით დედა-ქალაქის

ყოველ ქუჩას თუ სართულსა,

და დედა-ენას ვუწოდებთ

ჩვენს ტკბილ, მშობლიურ ქართულსა.

რაც სიხარულის, იმედის,

სიწმინდის სახელს ატარებს,

დედასთან დავაკავშირეთ,

ჩვენს ძვირფას დედას ვადარეთ.

„ელექტრონული სიგარეტი და მისი მავნე ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე“

მუხრანის #1 საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურზე განხორციელდა კვლევა, რომლის თემას წარმოადგენდა – „ელექტრონული სიგარეტი და მისი მავნე ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე“.

აღნიშნული კვლევა ქიმიის პედაგოგის ქ-ნი როზა ნოზაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

კვლევის მიზანს ელექტრონული სიგარეტის მოხმარების მიდრეკილების მქონე მოსწავლეების იდენტიფიცირება და მათთვის სასარგებლო ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.

საინტერესო და მოზარდებისთვის მნიშვნელოვანი იყო, მოსწავლეების მიერ მოძიებული ინფორმაცია ელექტრონული სიგარეტის წარმოშობის ისტორიაზე, მის შემადგენლობასა და მოხმარების შემდგომ გამოწვეულ ზიანზე. კვლევის მონაწილე მოსწავლეებმა შეადგინეს ანონიმური კითხვარი. პრევენციის მიზნით დაიგეგმა საუბრები მშობელთა კრებებზე, კლასის საათებსა და გაკვეთილებზე.

პროექტში მონაწილეობდნენ მეათე კლასის მოსწავლეები, განსაკუთრებით აქტიურობდნენ: ზუკა ბუდინაშვილი, ნიკოლოზ ბერიძე, მარიამ ზარიაშვილი, საბა კენკიშვილი, გიორგი კვიჟინაძე, მარიამ ბიტიაშვილი, ანა გოგოლაშვილი, ნინო ღვინიაშვილი, ნინო თიგიშვილი, ნიკოლოზ ჯარიაშვილი და ნატალი თაბორიძე.

✨️✨️✨️,,ზღაპრების სამყაროში”✨️✨️✨️

მუხრანის #1 საჯარო სკოლის 5(ბ) კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი: ნინო ზურაბიშვილი) შობა-ახალი წლის დადგომა სასკოლო საზოგადოებას საახალწლო წარმოდგენით მიულოცეს.

საოცარი საშობაო სპექტაკლით, ცნობილი ქართული ხალხური ზღაპარი: ”მუჭანახევარა” სცენაზე კიდევ გაცოცხლდა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

სპექტაკლში, რომელიც მუსიკალურად მაია ბედიანაშვილმა გააფორმა მუჭანახევარას როლი – ლევან ტყემალაძემ, ხოლო მთხრობელის – თაკო მოლოდინმა შეასრულა.

ჩვენმა ნიჭიერმა მეხუთეკლასელებმა თავიანთი მრავალმხრივი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ გამოავლინეს და სკოლის ისტორიაში კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი ჩაწერეს.

მაყურებელი პატარების შემოქმედებით მოიხიბლა და მონაწილეებს სამომავლოდ დიდი წარმატება უსურვა.

გვიყვარხართ და გვეიმედებით ჩვენო პატარებო!!!

✨️✨️✨️“პოეზიის დედოფალი“✨️✨️✨️

მუხრანის N1 საჯარო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ეკატერინე ვარდიაშვილის ხელმძღვანელობით, ჩატარდა ლიტერატურული საღამო – “პოეზიის დედოფალი”, რომელიც მიეძღვნა ქართველი პოეტის, ანა კალანდაძის დაბადებიდან 100 წლისთავს.

საღამო, პოეტის ღვაწლისა (როგორც მოგეხსენებათ, ანა კალანდაძე ფლობდა „საპატიო ნიშნის“ ორ ორდენსა და ღირსების ორდენს. გარდა ამისა, 1983 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 1985 წელს კი, ციკლისათვის – „თავაწეული ქართული დროშები“ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია გადაეცა. აგრეთვე, პოეტი იმავე წელს, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატიც გახდა.) და შემოქმედების გაცნობით გაიხსნა. Xა, IXბ, VIIბ კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს პოეტის უკვდავი ლექსები, მოგონებები და საზოგადო მოღვაწეების შეფასებები.

აგრეთვე, Xა კლასის მოსწავლეები სიამაყით მოუთხრობდნენ მსმენელს ა. კალანდაძის რწმენაზე, სამშობლოს სიყვარულზე, ღირსებასა და კოსმოპოლიტიზმზე.

სკოლის პედკოლექტივის სახელით, გვსურს, უღრმესი მადლობა გადავუხადოთ ლიტერატურული საღამოს მრავალფეროვნებისა და სასიამოვნო განწყობის შექმნისთვის – მუსიკის მასწავლებელს მაია ბედიანაშვილსა და XIბ კლასის მოსწავლეს ნიკა ზარიაშვილს. მათი აკომპანიმენტით, VI-VII კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს სხვადასხვა ხალხური სიმღერა.

მოწვეული სტუმრები აღფრთოვანდნენ ჩვენი მოსწავლეების შემოქმედებით და მათი ერთობლივი ნამუშევარი სამახსოვრო სიტყვებით შეამკეს.

,,შესაძლებლობები უსაზღვროა” ✨️✨️✨️

მუხრანის #1 საჯარო სკოლის 5(ა) კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი: ნატო გავაკეთაშვილი) შობა- ახალი წლის დადგომა გამორჩეული ღონისძიებით აღნიშნეს.

მართლაც რომ ზღაპრული საშობაო ღონისძიება, ცნობილი გერმანელი ავტორების – ძმები გრიმების ჯადოსმური ზღაპარი: ”ფიფქია და შვიდი ჯუჯა” სცენაზე კიდევ ერთხელ გაცოცხლდა.

დამსწრეთა წინაშე, მოსწავლეების მრავალმხრივი შესაძლებლობების წარმოჩენაზე, მუსიკის პედაგოგმა – მაია ბედიანაშვილმა იზრუნა და მაყურებლები საოცარ ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურა.

ჩვენმა ნიჭიერმა აღსაზრდელებმა თავიანთი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ მაქსიმალურად გამოავლინეს.

სასკოლო საზოგადოება და მაყურებელი პატარების შემოქმედებით აღფრთოვანდა და მონაწილეებს სამომავლოდ წარმატება უსურვა.

მრავალჟამიერ ჩვენო პატარებო!!! ✨️✨️✨️

საამაყო კურსდამთავრებულები

მუხრანის #1 საჯარო სკოლა აღსაზრდელებს ხარისხიან განათლებას სთავაზობს. პედაგოგები და დირექცია თავს არ ზოგავენ იმისთვის, რომ მოსწავლეებმა წარმატებას მიაღწიონ.

ამას ადასტურებს სკოლის კურსდამთავრებულების მიღწევები. მათ შორის აღსანიშნავია, რომ 2022-2023 სასწავლო წლის კურსდათავრებულებს – ნიკა პაპაშვილს, მაკა ჯავახიშვილს და ნანი ილურიძეს კუთვნილი ოქროს მედლები გადაეცათ.

მედლების გადაცემის ცერემონიასთან დაკავშირებით, სკოლის იდეათეკაში სასკოლო საზოგადოებამ კურსდამთავრებულებს შეხვედრა მოუწყო, მიულოცა წარმატება და მათი სიხარული გაიზიარა.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

შემეცნებითი კონკურსი „წიგნობანა“

2024 წლის 13 დეკემბერს მუხრანის N1 საჯარო სკოლაში სახალისო და შემეცნებითი კონკურსი „წიგნობანა“ ჩატარდა.

კონკურსი დაგეგმეს და განახორციელეს დაწყებითი საფეხურის პედაგოგებმა – მ. რევაზიშვილმა; მ. ყარაშვილმა; ი. დალაქიშვილმა და გ. თეზელიშვილმა.

აღნიშნული კონკურსის ძირითად მიზანს ჯგუფური მუშაობის შესახებ მოსწავლეების ცნობადობის ამაღლება და მათი ერთმანეთთან დაახლოება წარმოადგენდა.

კონკურსის არსი მოსწავლეებს შორის ჯანსაღი კონკურენციის შინაარსის და მიზნის გაცნობიერება იყო.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გამოევლინათ თავიანთი უნარები, ნიჭი და შეძენილი ცოდნა.

განათლების მიღება ხომ არა მხოლოდ კითხვა, არამედ წაკითხული მასალის განვრცობა, ღრმა შინაარსის ძიება და აზრების გაცვლაა.

ინტენსიური კითხვა, ახალი ან უკვე დაგროვილი ცოდნის გაღრმავება მოსწავლეებს მატებსა მოტივაციას და პერსპექტიული მომავლის გარანტია.

სახალისო და შემეცნებით კონკურსში „წიგნობანა“ მონაწილეობას იღებდნენ III (ა, ბ, და გ) კლასის მოსწავლეები.

8 ნოემბერი – ილიას დღე

მუხრანის #1 საჯარო სკოლაში , სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება.

რასაკვირველია, გამონაკლისი არც ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე ყოფილა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის პედაგოგების ინიციატივით კვირეული ჩატარდა. სკოლის იდეათეკაში გამართული საუბრებისა და კონფერენციის ფარგლებში, სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დიდი პატივი მიაგეს გამოჩენილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ხსოვნას.

აღსანიშნავია ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილები, სადაც III-V კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს საოფისე პროგრამებში, ხოლო VI კლასელებმა vidnoz.com – ში.

მოსწავლეებმა მაქსიმალურად გამოავლინეს შემოქმედებითი შესაძლებლობები და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

ტრადიციული დაჯილდოება

მუხრანის #1 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის – “ჩემი პირველი კომპიუტერი” ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის – სოფო კაციაშვილს; მარიამ პეპანაშვილს; მარიამ ხაჩიურს; ლუკა გურგენიშვილს და ზურაბ ბუდინაშვილს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

სასკოლო საზოგადოებას მოსწავლეთა წარმატება ახარებს და ახალგაზრდებს უსურვებს ასეთივე შემართებით გააგრძელონ განათლების მიღება.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა – ” ჩემი პირველი კომპიუტერი” 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

„შენ უკვდავება დაიმსახურე“

მუხრანის #1 საჯარო სკოლაში ჩატარდა წმინდა ქეთევან დედოფლის ხსოვნის საღამო: „ შენ უკვდავება დაიმსახურე!“ , რომელიც დაიწყო ქ – ნ ე. სამჭკუაშვილის სიმღერის ფონზე თამარ ფარჩუკიძის ლექსის წაკითხვით.

X ა კლასის მოსწავლემ ლ. გურგენიშვილმა ისაუბრა საუკუნის მოწამეზე – შუშანიკ დედოფალზე, რომლის გზაც გააგრძელა ქეთევან დედოფალმა: „ ეწამა, ცხონდა, ამაღლდა …!“

ეს იყო დღე ქეთევან წამებულის დიდების, აღმაფრენის, გმირობის, ქეთევანის – რომლის დაბადებიდანაც 450, ხოლო გარდაცვალებიდან 400 წელი შესრულდა.

მოსწავლეებმა ისაუბრეს მის ღვაწლზე, თავს დატეხილ უბედურებაზე და სიამაყით აღნიშნეს, რომ „ საქართველოს დედად“ წოდებული ქალი მუხრანში გაზრდილი იყო და მას უწოდებდნენ „ მუხრანელ ციცინათელას;

X ა კლასის მოსწავლეები სიამაყით მოუთხრობდნენ მსმენელს დედოფლის გამძლეობაზე, მის რწმენაზე, სამშობლოს სიყვარულზე, ღირსებასა და მოთმინებაზე …

აღნიშნულ საღამოზე ინსცენირებული იყო რამდენიმე ეპიზოდი წმინდანის ცხოვრებიდან, სადაც შაჰის როლი შეასრულა ლუკა გურგენიშვილმა, ქეთევანის – ნინო კბილაშვილმა, მაჰმუდ ბეგის – გიორგი პავლიაშვილმა, უნდილაძის – საბა ზურაბიშვილმა, კონსტანტინე მირზასი – ანზორ კუზანოვმა. ქეთევანის სურათი დახატა – მარიამ ხაჩიურმა.

საღამო მუსიკალურად გააფორმა მაია ბედიანაშვილმა (ხალხური სიმღერები შეასრულეს: ნინო ოკინაშვილმა და ნიკა ზარიაშვილმა), ტექნიკური მხარდამჭერი – ნინო ფარტენაძე. საღამოს ხელმძღვანელობდა ქართული ენისა ლიტერატურის მასწავლებელი ქ – ნი – ეკატერინე ვარდიაშვილი.

დასასრულს საღამო შეაფასა სკოლის დირექტორმა სოფო კუბლაშვილმა, მან აღფრთოვანება გამოხატა მოსწავლეების მიმართ და სამშობლოსადმი ერთგულება და წარმატებები უსურვა.

ენების ევროპული დღე

სსიპ ნიკო ბაგრატიონის ( ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლაში, 19-27 სექტემბერს, ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილი რამდენიმე აქტივობა ჩატარდა:

✅️“დაამზადე სასურველი ტურისტული ადგილების რუკა”(მე-9 და მე-10 კლასები).

✅️“ისწავლე მისალმება და დამშვიდობება ევროპულ ენებზე” (მე-6 კლასი).

✅️“ვიქტორინა – ევროპა , (ონლაინ ფორმატში),

ქვიზი (მე-8 და მე-12 კლასები).

აქტივობებში მონაწილეობა მიიღო 70 -მდე მოსწავლემ.

ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილი კვირეული დაიგეგმა და განხორციელდა მუხრანის #1 საჯარო სკოლის უცხო ენების კათედრის მიერ.

European day of languages – ენების ევროპული დღე

სასახელო გუნდი და მოსწავლეები 🎊🎊🎊

26 სექტემბერს ქეთევანობა-მუხრანობისადმი მიძღვნილ სხვადასხვა ღონისძიებას შორის, მუხრანის#1 საჯარო სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ფეხბურთში, ოთხთა ტურნირში, მიღწეული წარმატება.

აღნიშნულ ტურნირში, რომელშიც ნატახტრის, წილკნის, ძეგვის და მუხრანის #1 საჯარო სკოლის გუნდები მონაწილეობდნენ ჩვენი სკოლის გუნდმა დამსახურებული I ადგილი დაიკავა. ( პედაგოგი: გიორგი მიქელაძე)

მისასალმებელია, რომ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ 7(ა) კლასის მოსწავლე მათე შუბლაძე, ხოლო საუკეთესო მეკარედ – 8(ბ) კლასის მოსწავლე – თამაზ ვარდიაშვილი დასახელდა.

როგორც მოგეხსენებათ, ყოველწლიურად ქეთევანობის აღსანიშნავად ტრადიციული ქართული ჭიდაობაც იმართება, სადაც 8(ბ) კლასის მოსწავლემ ნიკოლოზ ზარიაშვილმა, თავის წონით კატეგორიაში I ადგილი დაიკავა და ასახელა სოფელი, მშობლიური სკოლა და პედაგოგები.

გილოცავთ ახალი 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებას

ჩვენო მოსწავლეებო, სასკოლო საზოგადოება გილოცავთ ახალი 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებას. ყოველი დღე, სკოლის კედლებში გატარებული, ყოფილიყოს თქვენთვის ულევი სიხარულის, უსაზღვრო წარმატებისა და დიდი ბედნიერების მომნიჭებელი.

18.09.2024

“მომავალი ჩვენია”

14.06.2024 ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლის IV (ა) კლასში (კლ. ხელძღვანელი: ნ. გავაკეთაშვილი) ჩატარდა საკლასო ღონისძიება სახელწოდებით: “მომავალი ჩვენია”.

აღნიშნული ღონისძიება მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენის უნიკალური შესაძლებლობა იყო და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სიტყვით გამომსვლელი, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრების შემსრულებელნი.

მოსწავლეებმა პედაგოგებთან, მშობლებთან და დამსწრე საზოგადოებასთან ერთად საზეიმოდ დაასრულეს სწავლების დაწყებითი საფეხური.

მე-4 კლასის წარმატებით დასრულება სასკოლო სახოგადოებამ მათ საზეიმოდ, დიდი სიყვარულით და საუკეთესო სურვილებით მიულოცა.

ჩვენი პატარები სამომავლოდ ბევრ სასიამოვნო სიახლეს გვპირდებიან.

გამოსაშვები ღონისძიება

13.06.2024 მუხრანის #1 საჯარო სკოლის IV (ბ) კლასის (კლ. ხელმძღვანელი: ბ. გურგენიძე) მოსწავლეებმა, მეოთხე კლასის დასრულებას მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გამოსაშვები ღონისძიება მიუძღვნეს.

აღნიშნულ ღონისძიებაში ყველა მოსწავლემ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინა და სცენაზე ქართველი პოეტების, მწერლების კომპოზიტორების ნაწარმოებები კიდევ ერთხელ გააცოცხლა. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა – ბ. გურგენიძემ.

საზეიმოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა როგორც ქართული, ისე თანამედროვე ცეკვები შეასრულეს და დამსწრე საზოგადობის დიდი მოწონება დაიმსახურეს.

ქორეოგრაფიული ნომრებით: ს. ტაბატაძემ; ს. მანქანაშვილმა; ნ. თაბორიძემ; მ. ბერიანიძემ; თ. დოროხოვმა, მუსიკალურით: – ა. ნატრაძემ; ბ. ლაშხმა; ნ. მარღიშვილმა; ბ. ჯარიაშვილმა; თ. მოლოდინმა; ს. საქუაშვილმა, ხოლო მხატვრული კითხვით: – გ. იორამაშვილმა; ს. ბეგოიძემ; მ. ბედიანაშვილმა; ს. მანქანაშვილმა; თ. მოლოდინმა ისახელა თავი.

წარმატებულ მომავალს გისურვებთ ჩვენო პატარებო !!!

„მათემატიკა – სამყაროს ანბანი“

მუხრანის #1 საჯარო სკოლის VIII (ბ) კლასში (პედაგოგი: ციცო თალაკვაძე) წარმატებით დასრულდა საკლასო პროექტი – „მათემატიკა – სამყაროს ანბანი“.

პროექტის მთავარი იდეა მოსწავლეთათვის მათემატიკის ცოდნის აუცილებლობის გააზრება და მათემატიკური გამოთვლების ცხოვრებისეულ პრაქტიკაში გამოყენების შესახებ გამოკითხვის ჩატარება იყო.

პროექტი ორი კვირა გაგრძელდა და მოსწავლეთა მრავალმხრივი ჩართულობით გამოირჩეოდა. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოებას მათემატიკასთან ერთად ცხოვრების მშვენიერებაზე, მის წარმოშობასა და განვითარებაზე ესაუბრნენ.

მოსწავლეთა დამუშავებული თემები რამდენიმე განსხვავებულ საკითხს შეეხო:

– მათემატიკის წარმოშობის ისტორია,

– რომაული რიცხვები,

– მათემატიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში,

– გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსები,

– ცხოვრება მშვენიერია მათემატიკასთან ერთად,

– ვიცით თუ არა, რომ.

სკოლის დირექტორმა და მასწავლებლებმა პროექტში ჩართულ მოსწავლეებს (ლ. რუსიშვილი, თ. გამხიტაშვილი, ნ. პეპანაშვილი, ნ. პაპაშვილი, ა. ლომიაშვილს, მ. მოსიაშვილი, ლ. ჩარაევი, ნ. ხლუსიძე, მ. ბედოშვილი, ლ. მარღიშვილი, ნ. ნაკაშიძე, ს. ჩუგუაშვილი) გაწეული შრომისა და მათემატიკის საგნის პოპულარიზაციისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატება უსურვეს.

მომავალი ჩვენია

მუხრანის #1 საჯარო სკოლაში IV (გ) კლასის (ხელ: თ. მიქელაძე) გამოსაშვები ღონისძიება – „მომავალი ჩვენია“ გაიმართა.

მოსწავლეებმა დაწყებითი საფეხურის წარმატებით დასრულება მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს.

საუცხოოდ გაფორმებულ სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მუსიკალური (ნ.მიქელაძე და ა.თუღანოვი) და ქორეოგრაფიული ნომრების (ს.ლაზრიშვილი და ნ. გაროზაშვილი) შემსრულებელი მოსწავლეები. გამოსამშვიდობებელი სიტყვა მხატვრულად ა. ამირაშვილმა წაიკითხა.

მეოთხე კლასელებს უხარიათ, რომ უკვე გაიზარდნენ. თან ფიქრობენ, რომ გაუჭირდებათ მათი საყვარელი თამრიკო მასწავლებლის გარეშე, თუმცა იციან მომავალ სასწავლო წელს ასეთივე სიყვარულით დახვდებიან სხვა მასწავლებლები.

„ გმადლობ თამარ მასწავლებელო ამაგისთვის … თქვენ ღირსეული მომავლის ძლიერი საძირკვლის მშენებელი ბრძანდებით!“ – ამ სიტყვებით დაემშვიდობნენ მოსწავლეები თავიანთ საყვარელ თამარ მასწავლებელს.

მოსწავლეთა გამოსვლამ დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა, სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა მოსწავლეებს მეხუთე კლასში გადასვლა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

მუხრანის #1 საჯარო სკოლაში დიდი ზეიმით აღვნიშნეთ უმთავრესი ეროვნული დღესასწაული – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, რომელიც თავისუფლების ზეიმად იქცა, თავისუფლების, რომელიც სისხლით მოვიპოვეთ ქართველებმა და არასდროს დავთმობთ. საუცხოო სანახავი იყო საზეიმოს მორთული დარბაზი, სანთლების შუქით განათებული მოსწავლეთა ბედნიერი სახეები, ირგვლივ ვარდის სურნელი იფრქვეოდა. ზეიმი გახსნა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ეკატერინე ვარდიაშვილმა, რომელმაც მოსწავლეებს გააცნო დამოუკიდებლობის მნიშვნელობა, საქართველოს უხსოვარი წარსული, ქართველების ევროპელობა და ღვაწლი სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. მოსწავლეებმა საბა ზურაბიშვილმა და ლუკა გურგენიშვილმა წაიკითხეს ესეები, რომლებიც შეეხებოდა ბავშვური თვალით დანახულ სამშობლოს ოკუპაციასა და მომავლის მრწამსს. ზეიმის მონაწილეებმა გულწრფელად იამაყეს თავიანთი ქართველობით და წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია – „მე ქართველი ვარ!“ , რომელიც ნიკა ზარიაშვილმა გაალამაზა სიმღერით „ ქართველების ერთად ყოფნა დამილოცე ღმერთო!“

განსაკუთრებით დასამახსოვრებელი და ემოციური იყო ინსცენირება თეთრი ლექსისა „ადამიანი გაზეთის სვეტში“ (ო. ჭილაძე), რომელიც თავისუფლების ჰიმნია, თავისუფლებისა, რომელიც ყველაზე დიდი რამ არის, რაც კაცობრიობას შეუქმნია (მონაწილეობდნენ: კ. თინიკაშვილი, ა. კუზანოვი, ლ. გურგენიშვილი, მ. ზარიაშვილი, ს. დარბუაშვილი, გ. პავლიაშვილი, ლ. პაპაშვილი, დ. ქემხაშვილი). მოსწავლეებმა მ. ბუდინაშვილმა, მ. პეპანაშვილმა, ნ. კბილაშვილმა წაიკითხეს ლოცვები, რომლებითაც უფალს ქვეყნის ერთიანობა და ბედნიერი მომავალი შესთხოვეს. სცენას ამშვენებდნენ ანგელოზების როლის შემსრულებლები: მ. ტუღრიაშვილი, მ. ტაბარუკიშვილი და ს. ჟიჟიაშვილი. ნინო ოკინაშვილის სიმღერამ სამშობლოზე – „საქართველო“, კიდევ უფრო მეტი ხიბლი შესძინა ზეიმს. სასიამოვნო იყო მ. ხოზორაშვილის, ნ. დავითურის, ს. კაციაშვილის, მ. ხაჩიურის, ა. ხოსროშვილის, მ. ლაფანაშვილის, ს. ოქრუაშვილის, მ. ტუღრიაშვილის წაკითხული ლექსები თავისუფლებასა და სამშობლოზე. დარბაზში გაისმოდა ხალხური სიმღერები: „ დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს“, „ სამშობლო“ ( ს. მრევლიშვილი, მ. ტუღრიაშვილი, მ. ტაბარუკიშვილი, დ. ტუღრიაშვილი, მ. ხაჩიური, ს. პაპაშვილი). შესრულებული იქნა ქართული ცეკვა (ა. ხოსროშვილი, ა. მანქანაშვილი). ზეიმი დასრულდა გ. ტაბიძის უკვდავი სტრიქონებით „ დროშები ჩქარა“.

ზეიმს ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ეკ. ვარდიაშვილი, ტექნიკურად გააფორმა ნ. ფარტენაძემ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი – ს. კუბლაშვილი, მცხეთა-მთიანეთის რ. პროფკავშირის თავ-რე – გ. ჩოხელი, მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები. სკოლის დირექტორმა ს. კუბლაშვილმა აღფრთოვანება გამოხატა და მონაწილეები სიგელებით დააჯილდოვა. მადლიერება გამოხატეს მშობლებმა: გ. გოგოლაშვილმა, ნ. პაპაშვილმა, თ. კიკაბიძემ, ი. მარღიშვილმა, ბიბლიოთეკარმა ა. რუსაძემ. სტუმარმა გ. ჩოხელმა მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს, მასწავლებლებს და აღნიშნა, რომ სასიამოვნოდ და ტკბილ მოგონებად დარჩება მის გულში ეს დღე.

ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტში გამარჯვებული მუხრანის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სერტიფიკატებით და სასაჩუქრე ნაკრებებით დაჯილდოვდნენ

მუხრანის #1 საჯარო სკოლის 10 (ა) და 9 (ბ) კლასის მოსწავლეებმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის – „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ ფარგლებში, მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების – ახალდაბის და წეროვანის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ერთად ენერგეტიკის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-კონკურსში მიიღეს მონაწილეობა და საპატიო მეორე ადგილი დაიკავეს.

გეოგრაფიის პედაგოგის – ლია ღვედიშვილის ხელმძრვანელობით განხორციელებულ აღნიშნულ პროექტში განსაკუთრებული ინტერესით იყვნენ ჩართულნი: ა. პაპუკაშვილი, ზ. ტატიშვილი, ქ. მერაბიშვილი, ნ. ნასყიდაშვილი, ლ. თაბორიძე, ლ.ტუხაშვილი, ზ. ბუდინაშვილი და ნ. ბერიძე.

პროექტის, მიზანს წარმოადგენდა ელექტროენერგიის წარმოებიდან მოხმარებამდე სრული ციკლის შესახებ სკოლის მოსწავლეების ინფორმირება, განახლებადი ენერგიების, საქართველოს მწვანე ენერგეტიკული პოტენციალის შესახებ მათი ცნობიერების დონის ამაღლება. პროექტის ფარგლებში, მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები და მოეწყო მოსწავლეების მიერ შექმნილი თემატური ნამუშევრების გამოფენა. ამასთანავე, გამარჯვებული მოსწავლეებისთვის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით ერთკვირიანი საზაფხულო სკოლა მოეწყობა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ცნობით, სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ პროექტის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები და სასაჩუქრე ნაკრები გადასცა, ხოლო გამარჯვებულებს – პორტატული და პლანშეტური კომპიუტერები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და საჯარო სკოლების ხელმძღვანელი პირები, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები.

საქართველოს თავისუფლების თამაშები

26 მაისს დასრულდა “საქართველოს თავისუფლების თამაშები”. ეს თამაშები საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით შეიქმნა და მისი ეგიდით იმართება.

9 აპრილიდან 26 მაისის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისადმი მიძღვნილი “თავისუფლების თამაშები” მიმდინარეობდა. მუხრანის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდებმა აღნიშნულ თამაშებში სხვადასხვა საპრიზო ადგილები დაიკავეს და ასახელეს საკუთარი სკოლა და პედაგოგები: გ. მიქელაძე, თ. ჯავახიშვილი და ე. ხარაზიშვილი.

მცხეთის მუნიციპალიტეტის თავისუფლების თამაშებში – ფრენბურთში გოგონებმა I , ვაჟებმა II, ფეხბურთში კი ვაჟებმა III ადგილი დაიკავეს.

“საქართველოს თავისუფლების თამაშების” მიზანია, მოსწავლეებისა და ზოგადად მოზარდი თაობის მიერ, ჩვენი ერისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იდეისა და მისწრაფების – საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის არსის სისხლ-ხორცეული შეთვისება.

“სამშობლოს სიყვარულის სწავლება რა თქმა უნდა პატარაობიდან იწყება და მასში ყველამ და ყველაფერმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. ყველა მოზარდმა უნდა იცოდეს, რომ მისი თითოეული გამარჯვება პირველ რიგში ეკუთვნის საქართველოს და მერე მას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება “საქართველოს თავისუფლების თამაშები”, რომლის ორგანიზებაში საქართველოს ყველა რეგიონი იყო ჩართული.

საქართველოს თვისუფლების თამაშები საქართველოს სასკოლო ლიგის პროგრამის შემადგენელი ნაწილია და მომავალში ყოველ წელს გაიმართება.

გილოცავთ თქვენი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას – სკოლის დამთავრებას!!!

ცხოვრების ახალი, სრულიად განსხვავებული ეტაპი იწყება, რომელმაც უნდა მოგცეთ საშუალება მაქსიმალურად გამოავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები – იქნება ეს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებისას თუ საოცნებო პროფესიის დაუფლების განმავლობაში.

გვჯერა, რომ თითოეული თქვენგანი იპოვის საკუთარ ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში. წინ შემეცნების სიხარულით აღსავსე და საინტერესო ცხოვრება გელით … თქვენი თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენ სამშობლოს ისევე გამოადგება, როგორც თქვენ პირად წინსვლას.

წარმატებებს გისურვებთ!!!

გჯეროდეთ, რომ რასაც გულით შეეცდებით, ყველაფერი გამოგივათ!

ჩვენ პოეტები საქართველოსი

22 მაისს გასაოცარი მხიარულება და კეთილგანწყობა სუფევდა მუხრანის #1 საჯარო სკოლაში, სადაც ჩატარდა პოეზიის საღამო სახელწოდებით – „ ჩვენ პოეტები საქართველოსი“. (ორგანიზატორები: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: ეკატერინე ვარდიაშვილი და დაწყებითი კლასების მასწავლებელი: მარიამ შარიფაშვილი, საღამო მუსიკალურად გააფორმა პედაგოგმა: მაია ბედიანაშვილმა). საზეიმოდ მორთულ, ყვავილნარად ქცეულ დარბაზში საუცხოოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა გაახმიანეს გ. ტაბიძის; ი. გრიშაშვილის, ი. ნონეშვილის, გ. ლეონიძის … უკვდავი სტრიქონები. თითქმის ყველა საკითხს შეეხო მათი გულთა სიმები: დედაენის სიყვარული, დედისადმი პატივისცემა, სამშობლოს ბუნება და პატრიოტიზმი, ჩვენი ქვეყნის წარსული და მომავალი, სიყვარული, მეგობრობა, თანადგომა იგრძნობოდა ბავშვების სურვილებში. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო დაწყებითი კლასების მოსწავლეთა გულწრფელი ემოციები, უფროსკლასელთა გააზრებული და მრავალფეროვანი გრძნობები. პოეზიის საღამოს მონაწილე სამოცმა მოსწავლემ გრძნობებით სავსე, დასამახსოვრებელი და საინტერესო ნომრები წარმოადგინა და სკოლის ისტორიას არაჩვეულებრივი ფურცელი შემატა. უფროსკლასელებიდან მონაწილეობდნენ: ა. კუზანოვი; თ. გამხიტაშვილი; ა. ლომიაშვილი; ლ. მარღიშვილი; ნ. ნაკაშიძე; მ. ხოზორაშვილი; ლ. გურგენიშვილი; გ. ტატიშვილი; ნ. ზარიაშვილი; ს. ბიგანაშვილინ. მამაგიშვილი; ნ. ოკინაშვილი. საღამოს განსაკუთრებული ხიბლი შესძინეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრების შემსრულებლებმა: ნ. ოკინაშვილმა; ნ. ზარიაშვილმა; ა. ჭაღარაშვილმა; ნ. მამაგეიშვილმა; ს. პაპაშვილმა; მ. და გ. ტუღრიაშვილებმა; მ. ტაბარუკიშვილმა … საღამომ მოწვეული სტუმრების და სასკოლო საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია. სკოლის დირექტორმა ქ-მა სოფიო კუბლაშვილმა ორგანიზატორებს და დაწყებითი კლასის მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა, ხოლო მონაწილე მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვა.

გერმანელი და ავსტრიელი პოეტების შემოქმედებისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო

გერმანელი და ავსტრიელი პოეტების შემოქმედებისადმი მიძღვნილი, არაჩვეულებრივი პოეზიის საღამო,  სსიპ მცხეთის მუნიპალიტეტის სოფელ წილკნის საჯარო სკოლაში გაიმართა. ღონისძიება მცხეთის მუნიციპალიტეტის ცხრა საჯარო სკოლის 70 მოსწავლეს აერთიანებდა, რომელთა შორის იყო მუხრანის N1 საჯარო სკოლის 10 მოსწავლე (მასწავლებელი თამილა სალბიშვილი). დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა ინგებორგ ბახმანის, გეორგ ტრაკლის, როუზ აუსლენდერისა და სხვა ავტორების ლექსები. პოეზიის საღამოს პარალელურად, წილკნის საჯარო სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა ავსტრიის საელჩოს მიერ ორგანიზებული გამოფენა – ,,წერა ომის წინააღმდეგ. ინგებორგ ბახმანი 1926-1973″. ღონისძიების მონაწილე მოსწავლეებს ავსტრიის ელჩისა და გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენლისგან გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები და სერთიფიკატები. მსგავსი აქტივობები ჩვენს მოსწავლეებს გერმანული ენის შესწავლის ინტერესს მატებს და მოტივაციას უმაღლებს.

გილოცავთ წარმატებას!!!

11-12 მაისს მუხრანის #1 საჯარო სკოლის კლუბმა „ უკანასკნელი სამურაი“ (მწვრთნელი: ნიკა ბერუაშვილი), სხვადასხვა წარმატებულ ქართულ კლუბებთან ერთად Georgian Jiu-Jitsu Tour (საქართველოს ჯიუჯიცუს ტური) და კიმანოში ბრაზილიური ჯიუჯიცუ მიიღო მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი გამოიღო და ჩვენი სპორტსმენები ორივე შეჯიბრზე საპრიზო ადგილების მფლობელები გახდნენ.

11 მაისს გამართულ ტურნირზე Georgian Jiu-Jitsu Tour –
I ადგილი – ზურაბ ბუდინაშვილმა, ხოლო
II ადგილი სხვადასხვა წონით კატეგორიაში – იოსებ კვიჟინაძემ, საბა კენკიშვილმა და გიორგი პაპიაშვილმა დაიკავეს.

12 მაისს კლუბი 4 კაციანი შემადგენლობით გავიდა შეჯიბრზე და აბსოლიტური დომინაციით მოიპოვა გამარჯვება.
I ადგილი – ზურაბ ბუდინაშვილი; იოსებ კვიჟინაძე; ნიკა ბერუაშვილი.
II ადგილი – გიორგი პაპიაშვილი.
ვამაყობთ თქვენით

„ჩვენ შევძლებთ დედამიწის გადარჩენას“

მუხრანის #1 საჯარო სკოლის IIIგ კლასში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება – „ ჩვენ შევძლებთ დედამიწის გადარჩენას“ ჩატარდა. ღონისძიებას პედაგოგი მარიამ შარიფაშვილი ხელმძღვანელობდა.

აღნიშნული ღონისძიებით, პატარა „გარემოს ელჩებმა“ სასკოლო საზოგადოებას შეახსენეს, რომ უნდა ვიზრუნოთ დედამიწაზე, დავიცვათ და გვიყვარდეს ჩვენი პლანეტა.

მოსწავლეებმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომელიც დღეს დედამიწას აწუხებს და ჩვენი სოფლის მოსახლეობას გარემოს დაცვისკენ მოუწოდეს.

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღეისათვის კი 193 ქვეყანაში აღინიშნება.

მრავალფეროვანი ვიქტორინა – „ცხრაკლიტული“

24 აპრილს მუხრანის #1 საჯარო სკოლის პედაგოგების: ლალი ბანცურის; მარიკა ქემხაშვილის და სოფიო ბაქრაძის ხელმძღვანელობით მრავალფეროვანი ვიქტორინა – „ცხრაკლიტული“ ჩატარდა.

ვიქტორინაში X ა, ბ და გ კლასის მოსწავლეებმა გუნდურად მიიღეს მონაწილეობა. მათ გაიხსენეს განვლილი მასალა ბიოლოგიიდან, ქიმიიდან, ფიზიკიდან, გეოგრაფიიდან და საკუთარი შესაძლებლობები დამსწრე საზოგადოების წინაშე საუკეთესოდ გამოავლინეს.

განსაკუთრებულ წარმატებას Xა კლასის (დამრიგებელი: ვერიკო მახარაშვილი) მოსწავლეთა გუნდმა მიაღწია.

აღნიშნულმა ვიქტორინამ ხელი შეუწყო საგაკვეთილო პროცესში, თუ წრეობრივი მუშაობის დროს მიღებული ცოდნის შეჯამებას, განმტკიცებას და ინტეგრირებას.

„უკანასკნელი სამურაის“ წარმატება გვახარებს და სიამაყით გვავსებს

მუხრანის საჯარო სკოლის ბაზაზე არსებული კლუბი „უკანასკნელი სამურაი“ , საქართველოს ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს ეროვნულ ფედერაციას შეუერთდა. კლუბის დამფუძნებელი და მთავარი მწვრთნელი ნიკა ბერუაშვილია.

20 აპრილს გუნდს სტუმრად საქართველოს ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს ეროვნული ფედერაციის დამფუძნებლები გიორგი ობოლაძე და ნიკა მურადაშვილი ეწვივნენ და ფედერაციის წევრობის სერტიფიკატი გადასცეს.

ნიკა ბერუაშვილის გუნდის წარმატების ფორმულა საიდუმლო არ არის, ეს წარმატება ცოდნამ, გამოცდილებამ და თავდაუზოგავმა შრომამ განაპირობა.

„დიდ ფარნავაზის ძველი ნათლული – შენ ხარ ანბანი, ჩვენი, ქართული“

19 აპრილს Iა კლასის მოსწავლეებმა (ხელმძღვანელი: ნათია სირბილაძე), ქართული ანბანის ზეიმი – „დედაენის მეჯლისი“ მოაწყეს და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული საკლასო ღონისძიებით ქართული ანბანი გააცილეს.

წინაპართ სისხლში ნაბანო, შენ მშობლიურო ანბანო
პატარა ივერიელთა, სიბრძნის ემბაზში გამბანო!

ცნობილი ქართველი მამულიშვილების შთამბეჭდავი ფრაზებით გაფორმებული ჩვენი პატარების მეჯლისი, სკოლის ისტორიის ლამაზ ფურცლად გადაიქცა.

მუხრანის კულტურული მემკვიდრეობის კვლევა

15 აპრილს, „შატო მუხრანის“ საკონფერენციო დარბაზში, მუხრანის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სოფლის ცოცხალი კულტურის კვლევის შედეგების პრეზენტაცია წარმოადგინეს.

სმითსონის ინსტიტუტის მიერ ინიცირებული პროექტის (რომლის უმთავრესი მიზანია კულტურული ტურიზმის განვითარება მუხრანში) ფარგლებში გაწერილი საპრეზენტაციო შეხვედრის საპატიო სტუმრები იყვნენ მუხრანის ეკონომიკური განვითარების ფონდის და SMITSONIANI -ის წარმომადგენლები, მათ შორის იყო SMITSONIANI -ის ფოლკლორული მიმართულების დირექტორი.

ოთხ სამუშაო ჯგუფად გაყოფილი მოსწავლეებმა, 26-28 თებერვალს გამართული სამუშაო შეხვედრების შემდეგ, აქტიურად გამოიკვლიეს რა სოფელ მუხრანში გავრცელებული სხვადასხვა კულტურულ მემკვიდრეობა, მოწვეული სტუმრების საპატივსაცემოდ კვლევის შედეგების პრეზენტაციები წარმოადგინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

განსხვავებული შინაარსის კვლევები:
1.„ნაკლებად ცნობილი ტაძრები მუხრანში“ -პრეზენტატორმა: ქეთევან მერაბიშვილმა;
2.„ნივთებში ამეტყველებული წარსული“ – პრეზენტატორმა: ზვიად ტატიშვილმა;
3.„ჭიდაობის ტრადიცია მუხრანში“ -პრეზენტატორებმა: ზურაბ ბუდინაშვილმა და ნიკოლოზ ბერიძემ;
4.„ხის ნაკეთობები მუხრანში“ – პრეზენტატორმა: ნუციკო ნასყიდაშვილმა წარმოადგინა.

უახლოეს მომავალში დაგეგმილია ტრენინგები, რომლებშიც გაწერილია კულტურული და გამოცდილებითი ტურიზმის არსისა და სამომავლო ტურისტული მიმართულებით სოფლის შესაძლებლობების შესწავლა.

როგორც მოგეხსენებათ, 2023 წლის დეკემბერში სმითსონის ინსტიტუტმა, საქართველოში ადგილობრივ თემზე დაფუძნებული კულტურული მემკვიდრეობის ტურიზმის განვითარების მიზნით, თანამშრომლობა დაიწყო მუხრანის რეგიონული ეკონომიკური განვითარების ფონდთან (მუხრანის ფონდი).

თანამშრომლობა აერთიანებს კვლევას, დოკუმენტაციას და ახალგაზრდების ჩართულობას, რომ შეიქმნას ათი ახალი ტურისტული გამოცდილება, რომელიც ეფუძნება ადგილობრივ თემში არსებულ ცოცხალ კულტურას. პროექტი მიზნად ისახავს შექმნას დუბლირებადი მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ფინანსურ სარგებელს ადგილობრივი თემებისთვის, მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის მქონე მიმართულებებში

„ ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა! “

მუხრანის #1 საჯარო სკოლაში 14 აპრილთან დაკავშირებული თემატური აქტივობები გრძელდება, რომელთა მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით, ინტერესითა და პასუხისმგებლობით არის ჩართული.

საინტერესო და მრავლისმომცველი იყო III ა კლასის ( ხელმძღვანელი: მ პეპანაშვილი) მოსწავლეების მიერ ქართული ენის დღის აღნიშვნა. მათ მონაწილეობა მიიღეს კალიგრაფიის კონკურსში – „საუკეთესო კალიგრაფი“; დაამზადეს ხელნაკეთი წიგნები (ი. გოგებაშვილის ნაწარმოებების მიხედვით) და იდეათეკაში საკლასო ღონისძიება სახელწოდებით – „ ო, ენავ ჩემო“ ჩაატარეს.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ი. ჭავჭავაძის; ი. აბაშიძის; ი. გოგებაშვილის; ნ. დუმბაძის დედაენისადმი მიძღვნილი ნაწარმოებები წაიკითხეს და მრავალფეროვანი ინფორმაცია როგორც ერთმანეთს, ასევე დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა, რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო – სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

პროექტის – „ გარემოს ელჩები“ საინტერესო, გასვლითი ღონისძიება

„სოფლის განვითარებისა და სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი – ლილიფარის“ ორგანიზებითა და Swiss Capital – ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის – „გარემოს ელჩები“ ფარგლებში, 4 აპრილს მუხრანის N1 საჯარო სკოლის VIII-XI კლასის მოსწავლეები, პოლიეთილენის ბოთლების გადამამუშავებელ კომპანია „პოლივიმს“ ეწვივნენ.

მოსწავლეებმა გადამამუშავებელ კომპანიას დასუფთავების აქციის დროს შეგროვილი პოლიეთილენის ბოთლები ჩააბარეს და „პოლივიმში“ მიმდინარე, მეორადი ნედლეულის, გადამუშავების პროცესებს გაეცნენ.

სტუმრებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა პოლიეთილენისგან მიღებული გრანულები, რომლებისგანაც სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები მზადდება.

გიზიარებთ გასვლითი ღონისძიების ფოტო კადრებს.

ხელოვნური ინტელექტის – chat.openai.com გამოყენება სასწალო პროცესში

4 აპრილს New Project – Trainer of MTSS ფარგლებში, ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლის იდეათეკაში მორიგი სამუშაო შეხვედრა შედგა.

აღნიშნული სამუშაო შეხვედრის თემა – ხელოვნური ინტელექტის – chat.openai.com გამოყენება სასწალო პროცესში და canva.com – ის საშუალებით სასწავლო რესურსების შექმნა იყო.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა ლიტერატურის, მათემატიკის და სპეციალურმა მასწავლებლებმა (მიმდინარე სასწავლო წელს პროგრამაში ჩართულია 23 პედაგოგი).

სამუშაო შეხვედრას მრავალშრიანი მხარდამჭერი სისტემის მოწვეული ტრენერი, განათლების ფსიქოლოგი ქ-ნი ბაია კუბლაშვილი უძღვებოდა.

გილოცავთ, წარმატებებს გისურვებთ!

მარტის ბოლოს გამართულ შეჯიბრში, gymnasia kids kup 2, სხვადასხვა ქვეყნის უძლიერეს გუნდებთან ერთად საუკეთესო შემადგენლობით, მუხრანის #1 საჯარო სკოლის გუნდი – „ უკანასკნელი სამურაი“ (მწვრთნელი :ნ. ბერუაშვილი) იღებდა მონაწილეობას. შეჯიბრში 170 – მდე სპორტსმენი იყო ჩართული და საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლა საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მუხრანის #1 საჯარო სკოლის გუნდის ყველა მოასპარეზე, სპორტის სახეობაში – ბრაზილიური ჯიუჯიცუ no gi, სხვადასხვა საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა.

I ადგილი – ზურაბ ბუდინაშვილი და გიორგი პავლიაშვილი;
II ადგილი – იოსებ კვიჟინაძე, ლუკა რუსიშვილი და მარიამ ბუდინაშვილი;
III ადგილი – ნიკოლოზ ბერიძე.

აღსანიშნავია, რომ გუნდი სულ რაღაც ერთი წელია არსებობს და არაერთ წარმატებას ითვლის.

დემოკრატია, იწყება შენით!

სსიპ ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა სკოლის დირექციას მიმართეს თხოვნით, რათა მათთვის გამოეყოთ სივრცე, სადაც ისინი დემოკრატიის კუთხის მოწყობას შეძლებდნენ.

დირექციამ მხარი დაუჭირა აღნიშნულ თხოვნას და ინიციატორებს შენობის მეორე სართულზე გამოუყო სივცე, სადაც თვითმმართველობის წევრებმა დემოკრატიის კუთხე მოაწყეს. დემოკრატიის კუთხეში, მრგვალ მაგიდასთან მოსწავლეები მართავენ დებატებს, დისკუსიებს, აწყობენ შეხვედრებს პედაგოგებთან და მოწვეულ სტუმრებთან.

“დემოკრატია, იწყება შენით!”- დევიზით ჩვენი სკოლის თვითმმართველობის წევრები თავდაუზოგავად შრომობენ მოსწავლეთა საჭიროებების გამოვლენისა და შესაბამისი სასკოლო გარემოს მოწყობისთვის; მნიშვნელოვანი ღონისძიებების ინიცირებისა და მათი განხორციელებისთვის.

ჩვენი სკოლა დემოკრატიულია.

ვიზიტი ნატახტრის დედათა მონასტერში

2024 წლის 9 მარტს ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლაში მიმდინარე მოსწავლეთა თვითმმართველობის და სამოქალაქო განათლების კლუბ „ბურის“ მიერ ინიცირებული კვირეულის – „ მე მოხალისე ვარ, გახდი შენც“ ფარგლებში, მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები და აქტიური მოხალისეები სტუმრად ეწვივნენ ნატახტრის დედათა მონასტერს.USAD სამოქალაქო განათლების ფარგლებში დაგეგმილმა ვიზიტმა, დედათა მონასტერში მოღვაწე დედების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. აქტიური მოხალისეები დახმარების მიზნით ეწვივნენ ტაძარს და დედაოებს ნაკვეთში მოთიბული ბალახის, წალამის, ქვების შეგროვებასა და სათანადო ადგილზე გადატანაში დაეხმარნენ.აღსანიშნავია, რომ მოხალისეებთან ერთად დედაოებთან სტუმრად პედაგოგები ნინო დოლიშვილი და ელდარ ხარაზიშვილიც იმყოფებოდნენ. მადლიერმა მასპინძლებმა სტუმრები ტრაპეზზე მიიწვიეს და საჩუქრად ხატები და სამაჯურები გადასცეს.მადლობა მოხალისეობის კვირეულში აქტიურად ჩართულ ყველა მოსწავლეს ინიციატივისა და გაწეული შრომისთვის.

„მე მოხალისე ვარ, გახდი შენც“

2024 წლის 4 მარტიდან ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლაში, სტარტი აიღო და აქტიურად მიმდინარეობს მოსწავლეთა თვითმმართველობის და სამოქალაქო განათლების კლუბ „ბურის“ მიერ ინიცირებული კვირეული სახელწოდებით: „ მე მოხალისე ვარ, გახდი შენც.“
USAD სამოქალაქო განათლების ფარგლებში დაგეგმილი კვირეული სხვადასხვა აქტივობებით გამოირჩევა: ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და კონფლიქტის მოგვარების საკითხებს შეეხო, აქტიური მოხალისის, ზვიად ტატიშვილის პრეზენტაცია მეშვიდე კლასში. ასევე ხალისიანად წარიმართა შეხვედრის დასასრულს გამართული დისკუსია.
აღსანიშნავია, კვირეულის ფარგლებში 7 მარტს მეათე კლასის მოსწავლის ზვიად ტატიშვილის გამართული ერთ-ერთი მეგობრული შეხვედრა დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან, რომლებსაც ის მისალოცი ბარათების მომზადებაში დაეხმარა.
მოხალისეობის კვირეულში აქტიურად ერთვებიან საშუალო საფეხურის სხვა მოსწავლეებიც, მადლობა მათ ინიციატივისა და გაწეული შრომისთვის.

დედის თვალებით ვხედავ სამყაროს

გაზაფხულის დღესასწაულებს მიუძღვნეს I (გ) და III (დ) კლასების მოსწავლეებმა ღონისძიება – “დედის თვალებით ვხედავ სამყაროს” (კლ. ხელ-ლი: მარიამ შარიფაშვილი).
სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრების შემსრულებლები, რომელთა თვალებში სიხარული და ბედნიერება კიაფობდა.
ღონისძიებამ, რომელსაც ლაიტმოტივად შანდორ პეტეფის ლექსი – ” აუხდენელი სურვილი” გასდევდა, სასკოლო საზოგადოების და მოწვეული სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა.

დედა ყველა ფერია

დედა ყველა ფერია

– რა ფერია დედის გული?
– ფანტელივით ფითქინა.
– როგორია დედის მზერა?
– ვარსკვლავივით ციმციმა.

– რა ფერია დედა თავად?
– მზის სხივების ფერია,
ის ყველაზე ფერადია,
დედა ყველა ფერია!
/ ს. გასიტაშვილი/
გაზაფხულის დღესასწაულებს მიუძღვნეს ხელოვნების გაკვეთილი ჩვენმა პირველკასელებმა ( პედაგოგი: ნათია კაციაშვილი), რომლებმაც თავიაანთი მომზადებული საჩუქრებით რამდენჯერმე გაუხარეს მშობლებს გული.
მრავალჟამიერ ჩვენო პატარებო ❤️🧡💚💙

მუხრანის#1 სკოლაში NATO & EU Info Center -ის წარმომადგენლებს უმასპინძლეს

თებერვლის ბოლოს ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ • NATO & EU Info Center -ის წარმომადგენლებს უმასპინძლეს. „საინფორმაციო ცენტრი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ“ მთავარი მიზანია საქართველოს ევროპული და ევრო-ანტლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში ჩვენი მოსახლეობის ჩართვა და მათი გაცნობიერებული მხარდაჭერის მოპოვება.

მოსწავლეებთან შეხვედრისას ცენტრის წარმომადგენლებმა ისაუბრეს დასავლური ღირებულებების შესახებ ჩვენი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე, სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურებასა და ამ პროცესებში მისი ჩართულობის ხელშეწყობაზე, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.

მუხრანის N1 საჯარო სკოლა კულტურული მემკვიდრეობის ტურიზმის განვითარების მიზნით მიმდინარე პროექტს აქტიურად შეუერთდა

2023 წლის დეკემბერში სმითსონის ინსტიტუტმა, საქართველოში ადგილობრივ თემზე დაფუძნებული კულტურული მემკვიდრეობის ტურიზმის განვითარების მიზნით, თანამშრომლობა დაიწყო მუხრანის რეგიონული ეკონომიკური განვითარების ფონდთან (მუხრანის ფონდი).
თანამშრომლობა დაიწყო ‘’მუხრანის სოფლის გამოცდილებით’’, რაც აერთიანებს კვლევას, დოკუმენტაციას და ახალგაზრდების ჩართულობას, რომ შეიქმნას ათი ახალი ტურისტული გამოცდილება, რომელიც ეფუძნება ადგილობრივ თემში არსებულ ცოცხალ კულტურას. მუხრანის რეგიონი მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, მათ შორის ძალისას არქეოლოგიურ ძეგლს (ძვ. წ. II ს-დან ახ. წ. VIII საუკუნემდე) და მუხრანის ისტორიულ ცენტრში მდებარე მე-19 საუკუნის ციხე-სიმაგრეს. ამ ადგილების მიმდებარედ სათემო ტურისტული გამოცდილებების განვითარებით, პროექტი მიზნად ისახავს შექმნას დუბლირებადი მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ფინანსურ სარგებელს ადგილობრივი თემებისთვის, მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის მქონე მიმართულებებში. ასევე, პროექტი შექმნის ცოდნის გაზიარების შესაძლებლობას სომეხ და ქართველ მკვლევარებსა და პარტნიორებს შორის. ძალიან სასიხარულოა ამ ორ-წლიანი პროექტის დაწყება და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მხარდაჭერაში დახმარება.
პროექტის ფარგლებში ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლაში 26-28 თებერვალს სამუშაო შეხვედრები გამართეს: ქეთევან გურჩიანმა (ილიაუნის პროფესორი); თინათინ ხომერიკმა (თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი); ალექსანდრე ქავთარაძემ (ილიაუნის მოწვეული ლექტორი); გიორგი გოგუამ და იანა ყორბეზაშვილმა (ჟურნალისტური ორგანიზაცია “პროექტი 64”).
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში გაწერილი აქტივობების (ფოტო; აუდიო და ვიდეო მასალების) ასახვის მიზნით, მუხრანის განვითარების ფონდმა სკოლას საჩუქრად გადასცა 5 თანამედროვე სამოქმედო კამერა DJI Osmo Pocket 2 Creator Combo Black. სკოლის დირექცია და სასკოლო საზოგადოება დიდ მადლობას უხდის ფონდის სტაფს, სხვადასხვა დროს განხორციელებული აქტივობების და სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს გაწეული იმ ფინანსური მხარდაჭერისთვის, რაც ჩვენი სკოლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
მიმდინარე პროექტში პედაგოგებთან ერთად სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის 25 მოსწავლე ჩაერთო. უახლოეს მომავალში ისინი სოფლის მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს გამართავენ.

New Project – Trainer of MTSS – ის სამუშაო შეხვედრები

ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლის იდეათეკას მრავალფუნქციური დატვირთვა აქვს. ამჯერად 14 და 21 თებერვალს New Project – Trainer of MTSS ფარგლებში, მორიგ სამუშაო შეხვედრებს უმასპინძლა. 14 თებერვლის შეხვედრაზე განხილულმა, USAID – ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისთვის მომზადებულმა რესურსმა -” მოსწავლეების სოციალური და ემოციური განვითარება დაწყებით საფეხურზე”, სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
21 თებერვალს ჩატარებული სამუშაო შეხვედრის თემა – უნივერსალური /შრე 1: „აკადემიური და სოციალურ- ემოციური მხარდაჭერა ყველა მოსწავლისთვის“ იყო. შეხვედრაზე დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა ლიტერატურის, მათემატიკის და სპეციალურმა მასწავლებლებმა მონაწილეობა მიიღეს სახელმძღვანელოს – „მრავალშრიანი მხარდაჭერა დაწყებით საფეხურზე“ მიმოხილვაში (მიმდინარე სასწავლო წელს პროგრამაში ჩართულია 24 პედაგოგი). ვორკშოპებს მრავალშრიანი მხარდამჭერი სისტემის მოწვეული ტრენერი, განათლების ფსიქოლოგი ქ-ნი ბაია კუბლაშვილი უძღვებოდა.
25 – დან 28 თებერვლის ჩათვლით , ქ-ნი ბაია პროექტში ჩართული ყველა პედაგოგის გაკვეთილის დააკვირდა. ტრენინგები და საგაკვეთილო დაკვირვებები მაისის თვიდან აქტიურად განახლდება.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-2024

15 თებერვალს ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა ფრენბურთის გუნდებმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების და სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლის ორგანიზებით გამართულ – „ სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-2024 -ის „ რეგიონალურ თამაშებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს.
ასპარეზობაზე, რომელშიც დუშეთის, თიანეთის და მუხრანის გოგონათა და ვაჟთა გუნდები მონაწილეობდნენ, ჩვენი სკოლის გუნდმა საპატიო II ადგილი დაიკავა. სკოლის პედკოლექტივი ულოცავს ნორჩ ფრენბურთელებს და მათ პედაგოგებს (ელდარ ხარაზიშვილს; თამაზ ჯავახიშვილს) მიღწეულ წარმატებას.

New Project – Trainer of MTSS – მრავალშრიანი მხარდამჭერი სისტემა

2022-2023 სასწავლო წლის დასაწყისში საქართველოს 15 საჯარო სკოლაში, დაწყებით საფეხურზე, აშშ-ს საეთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, დაიწყო მრავალშრიანი მხარდამჭერი სისტემის დანერგვა.
სისტემის პილოტირების ფარგლებში, სხვადასხვა მიმართულებით, დაიგეგმა და განხორციელდა აქტიური ინტერვენციები: მოხდა მასწავლებელთა პროფესიული გაძლიერება, შეიქმნა მრავალფეროვანი სასწავლო რესურსები, დამყარდა მშობლებთან აქტიური კომუნიკაცია, სკოლებში შეიქმნა პროგრამის სამუშაო ჯგუფები და სხვა.
ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლის I-VI კლასების დაწყებითი საფეხურის ქართულისა და მათემატიკის ყველა მასწავლებელი, ასევე, სპეციალური მასწავლებელი გადამზადდა სწავლების ისეთი მეთოდოლოგიის გამოყენებაში, როგორიც არის: სწავლის უნივერსალური დიზაინი, მოსწავლეზე დაკვირვება, განმავითარებელი შეფასება, დიფერენცირებული სწავლება, კლასის მართვა და ა.შ.
New Project – Trainer of MTSS ფარგლებში მიმდინარე კვირიდან დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და მათემატიკის მასწავლებლების (მიმდინარე სასწავლო წელს პროგრამაში ჩართულია 24 პედაგოგი) მიერ ჩატარებული გაკვეთილებს მრავალშრიანი მხარდამჭერი სისტემის ქოუჩი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ქ-ნი ბაია კუბლაშვილი დაესწრება.

ვიზიტი მუხრანის მოხუცებულთა პანსიონატში

2024 წლის 6 იანვარს სასკოლო სამოქალაქო კლუბ „ბურის“ და სკოლის თვითმმართველობის წევრი მოსწავლეები, სტუმრად სოფელ მუხრანის მოხუცებულთა პანსიონატის – “მუხრანის სავანე” ბენეფიციარებთან იმყოფებოდნენ.
აღნიშნული საქველმოქმედო აქტივობა USAID სამოქალაქო განათლების პროგრამის – „ მე მოხალისე ვარ, გახდი შენც!“ ფარგლებში გაიმართა და მოხუცების მიმართ გამოჩენილ ყურადღებას პასუხად სითბო, სიხარული და სიყვარული არ მოჰკლებია.
პანსიონატის თანამშრომლებს და ბენეფიციარებს მოსწავლეებთან ერთად ახალი წელი და დამდეგი შობა სამოქალაქო განათლების პედაგოგმა – ნინო დოლიშვილმა მიულოცა.
ხანდაზმულების მადლიერმა, სითბოთი სავსე მზერამ და თვალში აკიაფებულმა სიხარულის თუ სევდის ცრემლებმა მოსწავლეებს შეახსენა, რომ ასაკის მატება გარდაუვალია, ხოლო თანადგომა მისასალმებელი.
ვიზიტის დასასრულს მოსწავლეებმა მოხუცებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და მათ მომდევნო შეხვედრის უსაზღვრო სურვილითა დაემშვიდობნენ.

კითხვის კონკურსი საშობაო თემატიკაზე გერმანულ ენაში

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის საჯარო სკოლამ ამავე მუნიციპალიტეტის 8 საჯარო სკოლის მოსწავლეებს და გერმანული ენის მასწავლებლებს უმასპინძლა.
ჩატარდა, საშობაო თემატიკასთან დაკავშირებული, კითხვის კონკურსის მეორე ტური, გერმანულ ენაში.
ჩვენი სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეებს, გოეთეს ინსტიტუტის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. აღნიშნულ ღონისძიებას წინ უსწრებდა, თითოეულ სკოლაში ჩატარებული, კითხვის კონკურსის პირველი ტური, რომელიც დეკემბერის დასაწყისში გაიმართა და მოსწავლეთა მხრიდან მაღალი ჩართულობით გამოირჩეოდა.
საშობაო თემატიკასთან დაკავშირებულ კითხვის კონკურსს ხელმძღვანელობდა გერმანული ენის პედაგოგი – თამილა სალბიშვილი.

” საშობაო სპექტაკლი ” და საახალწლო კარნავალი

შობა-ახალ წელს გილოცავთ , ჩვენო გოგო-ბიჭებო!

სასწაულები ხართ! 🤗🤗🤗

სსიპ ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით და დირექციის მხარდაჭერით, ჩვენი სკოლის ორივე კორპუსი სასიხარო ჟრიამულით აივსო. ფერად-ფერადად განათებულ მუხრანის ქუჩებს და სახლებს საუცხოოდ მორთული სკოლის ორივე შენობის შიდა და გარე სივრცე შეემატა. სააქტო დარბაზში წარმოდგენილმა „საშობაო სპექტაკლმა“ და საახალწლო კარნავალმა, მოლოდინს გადააჭარბა და როგორც სასკოლო საზოგადოებაზე, ისე მოწვეულ სტუმრებზე, არნახული შთაბეჭდილება მოახდინა. სხვადასხვა ინტელექტით დაჯილდოებულმა ჩვენმა მოსწავლეებმა, სცენაზე გააცოცხლეს ევროპელი სანტა კლაუსი, ქართველი თოვლის პაპა, ელფები, გრინჩი და საქართველოს სხვადასხვა კუთხის კოლორიტი პერსონაჟები.

პედაგოგებს და მოსწავლეებს ღრმად გვწამს შობის ერთიანობის და ჯადოსნურობის, გვიხარია წლის მოგონებებით სავსე პერიოდის ზღვა სიხარულით შეხვედრა, ნაძვის ხეების მორთვა, სასკოლო ფუსფუსი და ზღაპრული პერსონაჟებით გაფორმებულ ფერად-ფერად დერეფნებში სიარული.

მადლობა ამ ლამაზი საღამოსთვის, ზღვა ემოციისთვის!

მადლობა ზღაპრისთვის, რომელიც პატარებს მოუმზადეთ და საუკეთესო შესრულებით, ნამდვილი მსახიობებივით წარმოადგინეთ სცენაზე!

ყოჩაღ, მოსწავლეთა თვითმმართველობას!

ყოჩაღ, ბავშვებო!!!

თქვენი სკოლა თქვენით ამაყობს!🙏🥰❤️

“მე ქართველი ვარ!”

სსიპ ნიკო ბაგრატიონოს (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლის პირველ-მესამე კლასებში ჩატარდა ღონოსძიება სახელწოდებით – ,,მე ქართველი ვარ!” გაითავისეს რა სამშობლოს სიყვარული, პატარებმა ცეკვით, სიმღერითა და ლექსებით შეძლეს გამოეხატათ დიდი სითბო და უდიდესი პატივისცემა მამულისადმი, მისი ტრადიციებისა და ენისადმი. “მე ქართველი ვარ! – მხოლოდ სამი სიტყვაა, მაგრამ გულანთებული ქართველისთვის ყველაფერის მომცემი და ყველაფერზე მაღლა მდგომი.

ო, საქართველოვ, წიგნო, ჩუმად გადასაშლელო,

გულისცემაში ჩასრესილო, სიკეთევ წმინდა.

შენი წყლულებით მინდა გული მეც ავაჭრელო,

შენი სახელით გახარება ათასჯერ მინდა.


დიდი ტრფიალის მეც დამადგი მძიმე უღელი, 

გასწონე გული სიყვარულის მწივანა ისრით –

მე, თავმოჭრილი, წამებაში შეწუხებული,

გეამბორები, სახსოვარო, სისხლიან კისრით.

ნიკოლო მიწიშვილის ამ სიტყვებით მოეფერნენ, ჩვენი მომავალი სამშობლოსმცველები, თავიანთ ბედკრულ საქართველოს …


“წითელქუდას საამქრო”

გილოცავთ !!!

სსიპ ნიკო ბაგრატიონის (ბურის )სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლის პროექტი – “წითელქუდას საამქრო”,

USAID ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება.

აღნიშნული პროექტის ინიციატორები არიან: სამოქალაქო განათლების კლუბი “ბური ” და სკოლის თვითმმართველობა.

პროექტის მიზანია: სკოლაში შეიქმნას ჭრა-კერვის საწარმო, სადაც მოსწავლეები შეისწავლიან ჭრა-კერვას, ქარგვას, ქსოვას და სხვა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში – უფროსკლასელი მოსწავლეები შეისწავლიან მეწარმეობის საფუძვლებს, კერძოდ სოციალურ მეწარმეობას და ასევე გაივლიან სხვადასხვა პროფესიულ კურსებს.

პროექტის ფარგლებში დაარსდება სოციალური საწარმო, რომელიც მისი დასრულების შემდეგ დამოუკიდებლად გააგრძელებს ფუნქციონირებას.

აღნიშნულ საწარმოში დასაქმებული იქნებიან ის მოსწავლეები, რომლებიც უკეთ გაართმევენ თავს სწავლა-სწავლებას.

ვითანამშრომლებთ: გორის პროფესიულ კოლეჯ “განთიადთან”, საიდანაც მოვიწვევთ ჭრა კერვის პედაგოგს, კოლეჯის ბაზაზე მოსწავლეებს ჩაუტარდებათ მასტერკლასები და ტრენინგები.

პროექტის ფარგლებში აქტიურად ვითანამშრმლებთ: ადგილობრივ ხელისუფლებასთან; ა/ს ორგანიზაციებთან; წარმატებულ მეწარმეებთან; მშობლებთან; სკოლის ადმინისტრაციასთან; ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.


ჰარკნესის მეთოდი – დისკუსიაზე დაფუძნებული სწავლება


2023 წლის 10 დეკემბერს USAID სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სსიპ ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლის პედაგოგების გუნდმა, საქართველოს რამდენიმე სკოლის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მიერ ორგანიზებულ ვორკშოპში: ჰარკნესის მეთოდი – დისკუსიაზე დაფუძნებული სწავლება. შეხვედრის ფასილიტატორებმა: ქეთევან თოფაძემ და სიმომ ჯანაშიამ ყურადღება გაამახვილეს ჰარკნესის მეთოდზე, როგორც სწავლების სტრატეგიაზე, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებას. ეს საუკეთესო მეთოდია დისკუსიის წარმათვისა და შეფასებისათვის, ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას ღია სააზროვნო დისკუსიაში და ასევე, მოსწავლეთა ურთიერთთანამშრომლობას. ყურადსაღებია, რომ ეს არ არის შეჯიბრი, მოსწავლეები დისკუსიაში ჩართულნი არიან, როგორც ერთი გუნდი და არა ცალკეული ინდივიდნი.